fbpx
მიგრაციამსოფლიო

პოლონეთი არალეგალ მიგრანტებს გააძევებს და თავშესაფარზე განაცხადებს აღარ განიხილავს

პოლონეთის სეიმმა არალეგალი მიგრანტების ქვეყნის საზღვრებიდან გაძევებას დაუჭირა მხარი, კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ კი ასევე დაამტკიცა საზღვარზე 353 მილიონ ევროდ შეფასებული დამცავი ობიექტის მშენებლობა, რომელიც მოძრაობის სენსორებით იქნება აღჭურვილი, იუწყება Deutsche Welle.

ცვლილებების თანახმად, მიგრანტებმა, რომლებიც საზღვრის უკანონო კვეთისას იქნებიან დაკავებულნი, ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ, რის შემდეგაც მათ ქვეყანაში შესვლა ექვსი თვიდან სამ წლამდე ვადით აეკრძალებათ.

გარდა ამისა, ახალი კანონი პოლონეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, არ განიხილოს თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი, რომელიც საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემდეგ იქნება შეტანილი, თუ განმცხადებელი პირდაპირ იმ ზონიდან არ იქნება ჩასული, სადაც მის სიცოცხლესა თუ თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა.

ბოლო კვირებში ვარშავამ აქტიურად დაიწყო ზრუნვა საკუთარი მიჯნების გამაგრებაზე და ამ მიზნით იქ ათასობით სამხედრო განათავსა, მავთულხლართები გააბა და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომლის თანახმად, ჟურნალისტებსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს 400-კილომეტრიანი საზღვრის მთელ გაყოლებაზე ეზღუდებათ წვდომა.

მიმდინარე წლის აგვისტოდან პოლონეთს ათასობით მიგრანტი მიაწყდა, უმეტესად ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან. ისინი პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას ბელარუსის მხრიდან ცდილობენ. ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აძლევს რა ლტოლვილებს საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას, ამ სახით ცდილობს შური იძიოს ევროკავშირის სანქციების გამო. გარდა პოლონეთისა, ბელარუსთან საზღვრებზე მიგრანტების მომრავლებას, ასევე, უჩივიან ლიეტუვა და ლატვია.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close