fbpx
კრიმინალისაზოგადოება

რომში ანტივაქსერების აქციაზე პოლიციასთან შეტაკებებში მონაწილე 12 ადამიანი დააკავეს (ვიდეო)

პოლიციამ გასულ ღამეს დააკავა 12 ადამიანი, რომლებიც 9 ოქტომბერს რომში „მწვანე საშვის“ მოწინააღმდეგეთა აქციის დროს პოლიციასთან შეტაკებებში მონაწილეობდნენ.

„მწვანე საშვის“ მოწინააღმდეგეთა და ანტივაქსერების დემონსტრაცია პიაცა დელ პოპოლოზე გაიმართა. თავდაპირველად აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ქალაქის ცენტრში პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ოფისში შეჭრა სცადა.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იტალიის პოლიციის განცხადებით, დაკავებულთა შორის არიან მემარჯვენე მოძრაობა „ფორცა ნუოვას“ (Forza Nuova) ლიდერები რობერტო ფიორე (ეროვნულ დონეზე) და ჯულიამო კასტელინო (რომში).

„ანსას“ ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს, გუშინდელი შეტაკებების დროს 38 პოლიციელი დაზარალდა, ერთ მათგანს ნეკნი აქვს გატეხილი, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს – ყბის ძვალი.

პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ძალადობა დაგმო.

საპროტესტო აქცია მოჰყვა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დასაქმებულები ვალდებულნი არიან 15 ოქტომბრამდე სამსახურში ე. წ. მწვანე საშვი წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანაზღაურებას ვერ მიიღებენ.

„მწვანე საშვის“ მიღება შეუძლია ადამიანს, რომელსაც კოვიდსაწინააღმდეგო ერთი აცრა მაინც აქვს გაკეთებული, ან გადატანილი აქვს კოვიდი (საშვი ძალაშია დაავადების გადატანიდან ერთი წლის განმავლობაში), ან გაკეთებული აქვს 48-საათიანი სწრაფი ტესტი, ან 72-საათიანი პისიარ ტესტი.

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close