ფეისბუქის, ვოტსაფისა და ინსტაგრამის სერვისები მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მიუწვდომელია
მასშტაბური ხარვეზის გამო ფეისბუქის, ვოტსაფისა და ინსტაგრამის სერვისები მომხმარებელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია.
ფეისბუქის კუთვნილმა სამივე ქსელმა, რომლებიც საერთო ინფრასტრუქტურაზე მუშაობს, ცოტა ხნის წინ მუშაობა სრულად შეწყვიტა.
ფეისბუქის ვებგვერდზე შესულ მომხმარებლებს ხარვეზის გვერდი ან შეტყობინება ხვდებათ, რომ ბრაუზერს დაკავშირება არ შეუძლია. ვოტსაფის და ინსტაგრამის აპლიკაციები მუშაობას განაგრძობს, მაგრამ არ აჩვენებს არანაირ კონტენტს, მათ შორის, არც გაგზავნილ და მიღებულ შეტყობინებებს.
შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მსგავსი მასშტაბის შემთხვევები ხშირი არ არის, მაგრამ ყოველთვის დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, რადგან საქმე ეხება მსოფლიოს სამ უმსხვილეს აპლიკაციას.
„საქმის კურსში ვართ, რომ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებთან წვდომის პრობლემა აქვს. ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში. ბოდიშს ვიხდით დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ფეისბუქის განცხადებაში, რომელიც კომპანიის ტვიტერის გვერდზე გავრცელდა.
კომენტარები