კრიმინალიპოლიტიკა

პირმა, რომელმაც ქართველი მღვდელმსახურების მაკომპრომეტირებელი ფარული აუდიოჩანაწერები სუსიდან გაიტანა, თავი მოიკლა

საუბარია 100-ზე მეტი სასულიერო პირის თვალთვალზე და 3 ათასზე მეტ ფარულ ჩანაწერზე

„ტვ პირველმა“ გაავრცელა ქართველი სასულიერო პირების საუბრის აუდიოჩანაწერები. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა მედიებმა  მიიღეს  დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც  ათასობით დოკუმენტია განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო და  აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით მაკომპრომეტირებელ დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები  საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

ჩანაწერების ერთი ნაწილი „მრუშობის“ ფაქტებს და „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ მქონე სასულიერო პირების კავშირებს ეხება, მნიშვნელოვანი ნაწილი კი აღწერს ეპისკოპოსების პოლიტიკურ განწყობებს.

„მთავარის“ ინფორმაციით, პირმა, რომელმაც სუს-ის დაშიფრული ფაილები სააშკარაოზე გამოიტანა, თავი მოიკლა.

„ფაქტები ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით, ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას.

ადამიანი, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუს-ის ყოფილმა აგენტმა თავი 2 თვის წინ, 8 ივლისს მოიკლა“, – წერია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერნეტსივრცეში 12 სექტემბერს, გვიან გამოჩნდა სამი ათასამდე დოკუმენტი, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება. ვებგვერდის ბმული, რომელზეც ფაილები იყო განთავსებული, მედიებს გაეგზავნა სათაურით „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

არის ვარაუდი, რომ ინფორმაცია სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, ვინაიდან განთავსებული დოკუმენტები შემდეგი შინაარსის მიმართვას შეიცავს:

ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის… ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში – ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას – გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“

ვებგვერდზე, რომელზეც დოკუმენტები იყო ატვირთული, პირდაპირი წვდომა საქართველოდან ამ მომენტისთვის შეზღუდულია.

ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის, თუმცა რამდენიმე ჟურნალისტი, რომელიც დოკუმენტებში ფიგურირებს, აცხადებს, რომ ფაილებში მოყვანილი მათი სატელეფონო საუბრები რესპონდენტებთან ნამდვილად შედგა.

დღეს  კასპში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას ამ საკითხზე  კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეს ფაქტი მძიმე პროვოკაციად შეაფასა. ღარიბაშვილი მას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაციაა:

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ, რაც არის ქართველების მთავარი საფუძველთა საფუძველი – ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ.

არაეთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ამ მჩაგვრელი, ბოროტი ძალის მთავარი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ, პერმანენტულ ბრძოლას აწარმოებს ჯარის, პოლიციის სასამართლოს და, ზოგადად, ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის წინააღმდეგ, რათა მათი დემორალიზება და სისტემის დისკრედიტება მოახდინოს“, თუმცა პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ  პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას ხელისუფლების მხრიდან ნულოვანი კომპრომისი მოჰყვება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close