მედიცინა

ახალი ვაქცინა – 11-თვიანი იმუნიტეტი ერთი დოზისგან და პანდემიის დასასრული

ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, მალე გამოჩნდება ახალი თაობის ვაქცინა, რომლის ერთი დოზა საკმარისია 11-თვიანი იმუნიტეტის უზრუნველსაყოფად. თანაც ვაქცინა შესაძლოა წვეთების ან აბების სახით გამოჩნდეს. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი გენური ვაქცინის შექმნაზე მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული შედეგები დამაიმედებელია. ახალ ვაქცინაში მატარებლის სახით გამოიყენება ერთი ადენოვირუსი  (AAV). კვლევების შედეგების შესახებ სტატია 8 სექტემბერს გამოქვეყნდა ჟურნალ Cell Host & Microbe-ში.

მკვლევრებმა მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ოფთალმოლოგიის განყოფილების პროფესორის, ლიუკ ვადენბერგის ხელმძღვანელობით განაცხადეს, რომ  AAV პლატფორმის გამოყენებით მათ მიერ შექმნილი ვაქცინა ძალიან ეფექტიანია ანტისხეულების გამომუშავების და უჯრედული იმუნიტეტის შექმნის თვალსაზრისით, ერთი დოზის მიღებისას. ცდისპირ ცხოველებს კორონავირუსისგან თითქმის სრული დაცა აღენიშნებოდათ, ცდები კი რეალურ პირობებში ჩატარდა.

ვაქცინა AAVCOVID, რომელსაც მხარს უჭერს Novartis Gene Therapies, შესაძლოა იწარმოებოდეს არსებული საწარმოო პროცესების მეშვეობით. ის ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტიანობას ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო 3 თვის განმავლობაში  – უფრო დაბალ ტემპერატურაზე.

ვაქცინის შემქმნელი გუნდი იმედოვნებს, რომ მიღებული შედეგები და მონაცემები მისი ადამიანებზე კლინიკური გამოცდის საფუძველი გახდება.

მათი თქმით, პლატფორმა AAV-ის გამოყენებით შემუშავებულმა ვაქცინამ შესაძლოა გადაწყვიტოს ჯანდაცვის სფეროში არსებული გახანგრძლივებული კრიზისი, რომელსაც შევეჯახეთ.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შექმნეს ორი AAVCOVID  ვაქცინა სხვადასხვა ანტიგენით SARS-CoV2-ის ვირუსის S-spike ცილისთვის. ექსპერიმენტების სერიის დროს ორივე ვაქცინა შეფასდა ეფექტიანობის, იმუნური პასუხისა და სტაბილურობის თვალსაზრისით.

ვაქცინები მიღებულია უჰანური შტამისთვის შეგროვილი გენეტიკური მონაცემების საფუძველზე. აღმოჩნდა, რომ ვაქცინა-კანდიდატმა AC1-მ უკეთესი შედეგი აჩვენა თაგვებსა და პრიმატებში უწყვეტი იმუნური პასუხების გამოწვევის უნარით.

ადრეულმა ცდებმა მღრღნელებზე აჩვენა, რომ  AC1 AAVCOVID ვაქცინის ერთმა აცრამ გამანეიტრალებელი ანტისხეულებისა და  Т-უჯრედების მაღალი დონე უზრუნველყო, ამასთან, ანტისხეულები 6 თვეზე მეტხანს შენარჩუნდა.

შემდეგ მკვლევრებმა AC1 AAVCOVID ვაქცინა პრმატებზე გამოსცადეს, რათა უკეთ გაეგოთ, როგორ იმუშავებდა ის ადამიანების შემთხვევაში. ვაქცინამ გამოიწვია ანტისხეულების გამომუშავება, რომელთა დონემაც პიკს მიაღწია მე-11 კვირაზე და მაღალი დარჩა 11 თვის განმავლობაში. ანტისხეულები აღმოჩნდა ფილტვების ქსოვილებშიც, რაც შესაძლოა მიუთითებდეს კოვიდ-19-ის ინფექციისგან ფილტვის დაზიანების შემცირებაზე. ვაქცინამ Т-უჯერედებსაც აიძულა ფუნქციონირება.

აუცრელ ცხოველებთან შედარებით, რომლებსაც COVID-19 ინფექცია ცხვირში, ტრაქეასა და ფილტვებში განუვითარდათ, ინფექციის შეყრამდე 9 კვირით ადრე აცრილ ცხოველებს ვირუსული ინფექციისგან თითქმის სრული დაცვა აღმოაჩნდათ.

AC1 ვაქცინამ კორონავირუსის სხვადასხვა შტამის, მათ შორის, დელტას ნეიტრალიზებაც შეძლო. გვერდითი მოვლენები კი ექსპერიმენტში მონაწილე არცერთ ცხოველს არ გამოვლენია.

მეცნიერებმა შეისწავლეს ვაქცინის შენახვის პირობებიც და აღმოჩნდა, რომ ვაქცინა სტაბილურია ერთი თვის შემდეგაც ოთახის ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში, ხოლო უფრო დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას სტაბილურობა 3 თვეზე მეტხანს შენარჩუნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინების უმეტესობას 2 დოზა სჭირდება, ახლა კი ბუსტერული – მესამე დოზის აუცილებლობაც აშკარაა, რადგან, სპეციალისტების თქმით, მათი ეფექტიანობა დროთა განმავლობაში მცირდება. ერთჯერადი ვაქცინა, რომელიც ერთწლიან დაცვას უზრუნველყოფს, საუკეთესო გადაწყვეტა შეიძლება აღმოჩნდეს პანდემიის დასასრულებლად.

აღსანიშნავია ის ფაქტკიც, რომ  AAVCOVID-ის სამეცნიერო ჯგუფი უკვე განიხილავს ვაქცინის შეყვანის ალტერნატიულ მეთოდებს, ინიექციის გარდა. ოთახის ტემპერატურაზე ვაქცინის სტაბილურობამ, სავარაუდოდ, შესაძლებელი უნდა გახადოს მისი წვეთების ან აბების სახით მიღებაც.

ნიკო აბაშიშვილი

მომზადებულია medicalxpress.com-ის მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close