ვიდეოარტისტი

პარიზში ჟან-პოლ ბელმონდოს ხსოვნის პატივსაცემად სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა (ვიდეო)

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ინვალიდთა სახლის (Les Invalides) ტერიტორიაზე დღეს, 9 სექტემბერს ჟან-პოლ ბელმონდოს ხსოვნის პატივსაცემად ეროვნული სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის, პოლიტიკოსები, ხელოვანები და სხვა ცნობილი პიროვნებები. ცერემონიაში მონაწილეობდა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად. პრეზიდენტმა გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ბელმონდომ დაუვიწყარი კვალი დატოვა ფრანგულ კინემატოგრაფში.

ბელმონდო ინვალიდთა სახლიდან ენიო მორიკონეს მუსიკის ფონზე გააცილეს, ორკესტრმა დაუკრა “Chi Mai“ ფილმ „პროფესიონალიდან“ (რეჟ. ჟორჟ ლოტნერი, 1981 წ.) – სწორედ ამ ფილმში შესრულებული მთავარი როლით (საფრანგეთის საიდუმლო აგენტი ჟოსლან ბომონი) მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა ბელმონდომ მთელ მსოფლიოში.

ჟან-პოლ ბელმონდოს დაკრძალვა ხვალ, 10 სექტემბერს გაიმართება ვიწრო ოჯახურ წრეში. მას 3 შვილი (მსახიობს ორი ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავდა, თუმცა უფროსი ქალიშვილი – პატრიცია1994 წელს გარდაიცვალა) და 4 შვილიშვილი დარჩა.

ფრანგული კინოს გამორჩეული ვარსკვლავი ჟან-პოლ ბელმონდო 6 სექტემბერს გარდაიცვალა პარიზში, საკუთარ სახლში, 88 წლის ასაკში.

მან თავისი 50-წლიანი კინოკარიერის განმავლობაში 80-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი დაუვიწყარი ეკრანული სახე შექმნა. ბელმონდო 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – „სეზარის“ მფლობელი მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებივრებული“.

2011 წელს კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჟან-პოლ ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close