fbpx
საქართველო

თბილისის აეროპორტში „აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა

რამდენიმე საათის წინ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის გაუმართაობის გამო საგანგებო ვითარება იყო გამოცხადებული. 

„აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს ასრულებდა თბილისიდან ვენის მიმართულებით, აფრენიდან ორ საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა ავარიულად.

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განმარტებით, თვითმფრინავმა აფრენის შემდეგ ვერ შეძლო შასის მექანიზმის დახურვა ანუ ბორბლები არ შევიდა ხომალდის კორპუსში.

შესაბამისად, პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეხარჯა 6 ტონა საწვავი, თვითმფრინავმა თბილისის თავზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იფრინა და საბოლოოდ მშვიდობიანად დაშვება შეძლო.

ბორტზე 180 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პილოტი, რომელმაც უსაფრთხოდ განახორციელა თვითმფრინავის დაშვება, თემურ თოლომაშვილია.

თემურ თოლომაშვილი, რომელმაც თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა

რეისი რამდენიმე საათით გადაიდო.

თვითმფრინავს ჩაუტარდა საფუძვლიანი შემოწმება, აღმოიფხვრა შასის გაუმართაობის მიზეზი  და  თბილისი-ვენის მიმართულებით რეისი იმავე თვითმფრინავმა შეასრულა.

რამდენიმე მგზავრმა, ემოციურ ფონზე და შიშის გამო, უარი თქვა გაფრენაზე. მათ თანხა დაუბრუნდებათ.

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, თვითმფრინავი რომელსაც ტექნიკური ხარვეზი დაუფიქსირდა, პროტოკოლის შესაბამისად, აფრენამდე შემოწმებული იყო.

ნუცა ყაველაშვილი

„35 წელია, რაც მფრინავი ვარ, ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია“, – განაცხადა თბილისი-ვენის ავიარეისის პილოტმა თემურ თოლომაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაშ, „ახალი დღე“. უფროსმა პილოტმა გუშინდელი დღე გაიხსენა, როდესაც „ჯორჯიან ეარვეისის“ კუთვნილი „ბოინგი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დასვა.

სტატია განახლებულია 6 სექტემბერს, 14:00 სთ-ზე, დამატებული აქვს p. s. და ვიდეო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close