fbpx
მსოფლიოკრიმინალი

77 მოკლული ადამიანი და ვადამდელი გათავისუფლება – რას გადაწყვეტს სასამართლო ბრეივიკის საქმეზე

უტოიის ტერაქტს ემსხვერპლა ქართველი თამთა ლიპარტელიანიც, რომლის ცხედარი ექვსი დღის შემდეგ იპოვეს; მისი მეგობარი ნათია ჩხეტიანი კი გადარჩა და საქართველოში ცოცხალი დაბრუნდა

სკანდინავიის ყველაზე ცნობილი ტერორისტი, რადიკალი მემარჯვენე ანდერს ბრეივიკი, რომელსაც 2011 წლის 22 ივლისს კუნძულ უტოიაზე მასობრივი მკვლელობისთვის 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, პირობით-ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს და აპირებს უჩივლოს ხელისუფლებას, რათა საკუთარი უფლებების დარღვევის ფაქტები დაამტკიცოს.

2011 წლის 22 ივლისს ბრეივიკმა ჯერ რვა ადამიანი მოკლა ოსლოში, შემდეგ კი ტერაქტი მოაწყო კუნძულ უტოიაზე მდებარე საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკში, რასაც 69 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტმა დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა, თუმცა თავი დამნაშავედ აქამდე არ უცვნია. მისი თქმით, ეს ყველაფერი ნორვეგიული კულტურის დაცემის შესაჩერებლად გააკეთა.

ბრეივიკი პირობით-ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს იმ საბაბით, რომ მინიმალური (ათწლიანი) პატიმრობის ვადა ამოეწურა (ნორვეგიული კანონმდებლობით ამ ვადის გასვლის შემდეგ პატიმრებს პირობითი-ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნის უფლება აქვთ).

მაგრამ პროკურორი ხულფა კარლსდოტირი აცხადებს, რომ უწყებამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან ბრეივიკი საზოგადოებისთვის საშიშია. ახლა ბრეივიკის თხოვნა სასამართლომ უნდა განიხილოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მას პირობით-ვადამდელ გათავისუფლებაზე უარს ეტყვიან.

ეს ბრეივიკის მხრიდან პირველი მსგავსი თხოვნა არ არის. 2020 წელს ბრეივიკმა, რომელმაც ციხეში ყოფნისას სახელი ფრიტიორ ჰანსენად გადაიკეთა, ასევე ითხოვა ვადამდელი გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ მიმართვას ხელი მოაწერა როგორც ანდერს ბრეივიკმა, ისე ფრიტიორ ჰანსენმა. „ორივეს“ უარი ეთქვა.

2015 წელს მან უჩივლა სახელმწიფოს უფლებების დარღვევის გამო, რადგან, მისი აზრით, ზედმეტად ხანგრძლივ იზოლაციაში იმყოფებოდა. მაშინ მისი საჩივარი საოლქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და განაცხადა, რომ ციხეში ყოფნისას ბრეივიკის უფლებები არ დარღვეულა. უზენაესმა სასამართლომ, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლომ მას აპელაციაზე ასევე უარი უთხრეს.

ტერორისტი სამოთახიან ციხის საკანში იმყოფება, სარგებლობს კომპიუტერით, ტელევიზორით, მას შეუძლია გაერთოს კომპიუტერული თამაშებით. გარე სამყაროსთან კონტაქტები ძალიან შეზღუდულია, საფოსტო მიმოწერა კონტროლდება. მისთვის განკუთვნილი საკვები ცხელდებოდა მიკროტალღურ ღუმელში, მენიუ ორ დღეში ერთხელ იცვლებოდა. ბრეივიკმა ეს ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნია. ამ ბოლო პუნქტს სასამართლო დაეთანხმა და გადახედა კვებას – ახლა მისთვის ახლად მომზადებული საკვები მიაქვთ.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close