საზოგადოებასაბერძნეთი

გარდაიცვალა „სირტაკის“ მუსიკის ავტორი, ბერძენი კომპოზიტორი მიკის თეოდორაკისი (ვიდეო)

ათენში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა გენიალური ბერძენი კომპოზიტორი მიკის თეოდორაკისი. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.

მსოფლიო აღიარება თეოდორაკისმა მოიპოვა ფილმის, „ბერძენი ზორბას“ გამოსვლის შემდეგ, 1960-იან წლებში. მან საგანგებოდ ამ ფილმისთვის დაწერა ცეკვა „სირტაკის“ მუსიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბერძნულ ცეკვად და საბერძნეთის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

თეოდორაკისმა თავისი ხანგრძლივი მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში დაწერა მრავალრიცხოვანი სიმფონია, კამერული ნაწარმოებები, ოპერა და მუსიკა ბალეტებისთვის, ასევე, ვოკალური ნაწარმოებები, პოპულარული სიმღერების და ცეკვების მუსიკა ხალხურ სტილში.

კომპოზიტორი მემარცხენე შეხედულებებისა იყო და აქტიურად მონაწილეობდა მეორე მსოფლო ომის დროს, ასევე 1960-70-იან წლების საბერძნეთში ულტრამემარჯვენე რეჟიმის წინააღმდეგობის მოძრაობებში, რამდენჯერმე საპატიმროში  და საკონცენტრაციო ბანაკშიც კი მოხვდა. თეოდორაკისი 1970 წლიდან საფრანგეთში  ემიგრაციაში წავიდა, სადაც ხუნტის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა – აწყობდა კონცერტებს ხუნტასთან მებრძოლი თანამემამულეების მხარდასაჭერად. 1974 წელს ივლისში „შავი პოლკოვნიკების“ რეჟიმის დამხობის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა.

1980-იან და 1990-იან წლებში თეოდორაკისი რამდენჯერმე აირჩიეს საბერძნეთის პარლამენტის წევრად, კონსტანტინოს მიცოტაკისის კაბინეტში კი მინისტრის პოსტი ეკავა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close