საზოგადოება

რას ამბობენ სასულიერო პირები ვაქცინაციაზე?

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მრავალი მიმართულებით არსებობს. ქართულ რეალობაში განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით მათ რელიგიურ ნარატივს. ხშირად ისინი ვაქცინას ანტიქრისტეს ბეჭედთან აიგივებენ, „რომელიც სამუდამოდ დააკაგვინებს ადამიანებს სინანულის ნიჭს და ისინი სამუდამოდ წავლენ ჯოჯოხეთში“; ასოცირებას ვხვდებით ეშმაკთან – „არ აიცრათ! ეშმაკი ბობოქრობს, ხალხო, ესენი არიან ეშმაკის მოციქულები“ და დაჩიპვასთან „იმიტომ ითხოვენ სამჯერ ვაქცინის გაკეთებას, რომ მთელი კაცობრიობის ჩიპიზაცია დაიწყონ მერე. დაჩიპული ადამიანი იმ მკვლელზე დიდი ცოდვილი იქნება ღმერთის თვალში, ვისაც 100 კაცი ჰყავს მოკლული. ასეთები აქ დაიტანჯებიან, ხოლო იმქვეყნად მოხვდებიან ჯოჯოხეთში“, – ვკითხულობთ  და ვისმენთ მათ კომენტარებსა თუ მოწოდებებში.

რას ამბობს ქრისტიანობა ვაქცინაციაზე და ასოცირდება თუ არა ვაქცინაცია დაჩიპვასა და მეორედ მოსვლასთან? – ამ თემებზე „ამბებს მიღმა“ ნარიყალას წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზ მამა ზაზა თევზაძეს ესაუბრა.

– რატომ გადაწყვიტეთ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება და რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია?

– ზოგად საგანმანათლებლო სკოლის კურსდამამთავრებელს არ შეიძლება არ გაეგოს ლუი პასტერის და ედურდ ჯენერის შესახებ, რომელთა სახელთანაც დაკავშირებულია იმუნიზაციისა და ვაქცინაციის ისტორია; მას შემდეგ ბიოლოგიამ, მედიცანამ და, ზოგადად, მეცნიერებამ არნახული წინსვლა განიცადა და მრავალი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ადამიანი უფრო ძლიერი და დაცული გახადა გამოწვევების წინაშე. ძალიან უგუნური და საკუთარი თავის მტერი უნდა იყო, არ იზრუნო ღვთივბოძებულ სიცოხლეზე, მის მოვლასა და გახანგრძლივებაზე, სწორედ ასეთად მივიჩნევ კოვიდ 19-საგან თავის დასაცავად გადაუდებელ და დროულ ვაქცინაციას და ამიტომაც, როგორც კი მომეცა საშუალება, ეს გავაკეთეთ მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრმა. არსებული დაბნეულობიდან გამომდინარე, საჯაროდ განვაცხადე ამის შესახებ იმ იმედით, რომ ჩემი ეს მოქმედება საზოგადოების თუნდაც ძალიან მცირე და მერყევი ნაწილისათვის სტიმულის მომცემი იქნებოდა და უარს არ ეტყოდნენ მათი და გარშემომყოფების სიცოცხლის გადარჩენის ამ ერთადერთ შანსს.

– როგორ უყურებს ქრისტიანობა ვაქცინაციის პროცესს?

– არა მხოლოდ ქრისტიანობა, არამედ ყველა მაღალგანვითარებული რელიგიური მოძღვრება მიზნად ისახავს ემსახუროს ადამიანის კეთილდღეობას, კაცობრიობაში მშვიდობისა და სათნოების დამკვიდრებას, სნეულთა, უძლურთა და უმეწეოთა შეწევნასა და დაცვას. იესო ქრისტე თავად იყო უზანაესი მკურნალი. რწმენის, იმედისა და სიყვარულისთვის ზეციერი მამის მოვლენილი ეთადერთი ძე, რომელმაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად დააფასა ჩვენი სიცოცხლე. ამდენად, ქრისტიანობა და მედიცინა სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ეს, რაც დღეს ხდება, არავითარ კავშირში არაა ქრისტეს მოძღვრებასთან, ესაა აპოკალიფტური ისტერიით გამოწვეული ბოდვები, ირაციონალური შიშები, მასობრივი ფსიქოზი და პარანოია. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გაუნათლებლობაა, პირველ რიგში, მათ შორის, ვისაც მინდობილი აქვთ ხალხის განათლების კეთილშობილური საქმე (ვგულისხმობ როგორც სეკულარულ, ისე საეკლესიო განათლებას). როგორც იესო უწოდებს ამგვართ, ბრმები არიან და ბრმების წინამძღოლები.

– ასოცირდება თუ არა ვაქცინაცია ე.წ. „დაჩიპვასა“ და მეორედ მოსვლასთან?

– სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს თანამედროვე ადამიანი, რომელიც ტექნიკის აურაცხელ სიკეთეებს მოიხმარს, რაც წარმოუდგენელია ინტეგრალური მიკრო ელექტრონული სქემების ე.წ ჩიპების და ინფორმაციული ციფრული კოდების გარეშე. მიზეზთა გამო უკვე წლებია მიმდინარეობს ამავე ჩიპებისა და მაღალი ელ. ტექნოლოგიების მიზანმიმართული დემონიზების უწყვეტი პროცესი. მეტიც, მიამიტი ადამიანების ზომბირებისთვის გამოიყენება ისეთი აბსურდული  სიტყვათშეთანხმებები, როგორიცაა ნანო ჩიპები და თხევადი კრისტალები, რომლის მსგავსი ტექნოლოგიურმა სამყარომ დღემდე არაფერი იცის და ყველაფერ ამას XXI საუკუნის „მისტიკოსები“ ანტიქრისტეს და მეორედ მოსვლის დამახინჯებულ იდეას უკავშირებენ. მხოლოდ ძალიან ბნელ და განუვითარებელი ცნობიერების ადამიანებს შეუძლია ვაქცინაციის და ჩიპიზაციის ასე უპრობლემოდ და უარგუმენტოდ ურთიერთდაკავშირება. ამ აბსურდის ღირებულებად ქცევის ერთ-ერთი მიზეზი ისევ გაუნათლებლობა და არასწორი რელიგიურობაა. სრული თავდაჯერებით შემიძლია იმის თქმა, რომ მსგავსი კატეგორიის ადამიანებს, რომელთაც თავი სუპერ გენოსებად მიაჩნიათ, არც რელიგიის, არც მედიცინის, არც ეკონომიკის, არც მეცნიერებისა და ტექნიკის ანბანსა და ელემენტარულ საწყისებზე წარმოდგენა არ გააჩნიათ, რის გამოც თავად დევნიან ნათელსა და ჭეშმარიტს, რის შედეგადაც მხოლოდ სიცრუე და სიკვდილი დღესასწაულობს.

რას ეტყოდით თქვენს მრევლს და საზოგადოებას?

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომავალი მხოლოდ და მხოლოდ გაცნობიერებული სიკეთისაა, რაც გონიერ გულს, ირაციონალურის და რაციონალურის ჰარმონიზებას და შეთანხმებას გულისხმობს; სწორედ ამ რწმენით და დიდი იმედით ვისურვებდი მრავალი სათნოებისა და ღირსების მოყვარე ჩვენი თანამემამულების დიდ სიმრავლეს და რწმენას იმისას, რომ სრულყოფილება და ცათა სასუფეველი მხოლოდ ადამიანის, ღმერთისა და ჭეშმარიტების გონიერი სიყვარულით მოიპოვება.

საინტერესოა ის, თუ რას ამბობენ ვაქცინაციასთან მიმართებით სხვა სასულიერო პირები.  არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, არაერთი სასულიერო პირი სოციალურ ქსელში საჯარო პოსტების მეშვეობით აფიქსირებს საკუთარ აზრს. ბევრია ისეთიც, ვინც საჯაროდ იცრება და კამერების წინაშე აკეთებს კომენტარს. იმის გასარკვევად, თუ რას ამბობენ ისინი, „ამბებს მიღმამ“ მათ მიერ სოციალურ ქსელებში თუ ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარები მოიძია.

მამა გიორგი ჩაჩავა: ჩვენს ქვეყანაში შავრაზმულმა პროპაგანდამ იმუშავა

წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა პირველი მართლმადიდებელი სასულიერი პირი იყო, ვინც საქართველოში კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა. „ჩვენს ქვეყანაში შავრაზმულმა პროპაგანდამ იმუშავა. ყველამ ვიცით, რომ ინტერნეტი გაივსო, აღარ წავალ შორს, საიდან და როგორ მოდის ეს, კარგად ვიცით და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნა არ უნდათ. უნდათ, რომ დიდხანს ვიყოთ ჩაკეტილი, ჩვენი ეკონომიკა რაც შეიძლება დიდხანს მიდიოდეს უკან და ეს ამისთვის იყო გაკეთებული. მე მგონი, ისინი თანდათანობით მიხვდებიან. რამდენიმე სასულიერო პირი, ეპისკოპოსიც კი გარდაიცვალა ამ დაავადებით”,- განაცხადა სასულიერო პირმა.

მამა მირიან მესხაძე: არ შეიძლება მეცნიერებასა და პროგრესს ებრძოდეს ადამიანი ობსკურანტული, ბნელი, ორღობის ჭორებით

„ნოემბერში ვირუსის მძვინვარების დროს, როდესაც COVID-19 დამიდგინდა, ძალიან ვინერვიულე იმაზე, რომ რისკჯგუფში მყოფ ოჯახის წევრსაც ხომ არ გადავდე ავადმყოფობა. ასეთი რისკების რომ არ გავხდეთ ინფიცირების წყარო და შევინარჩუნოთ ჩვენც ჯანმრთელობა, გამოსავალია – ვაქცინაცია.  არ შეიძლება მეცნიერებასა და პროგრესს ებრძოდეს ადამიანი ობსკურანტული, ბნელი, ორღობის ჭორებით,” – წერს მამა მირიან მესხაძე „ფეისბუქზე“.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი: ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს

[ამონარიდი] „დიდი ხანია ვაქცინაციის შესახებ ჩემი აზრის თქვენთვის გაზიარება მსურდა, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი ეს მანამ გამეკეთებინა, სანამ თავად არ ავიცრებოდი.  თავად მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები, რომლის გადატანაც მომიწია. სამწუხაროდ, ყველა ჩემსავით ვერ გადარჩა, მათ შორის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი. სულ ახლახან ათონის მთაზე გახლდით, მოვილოცე იქაური მონასტრები, ვესაუბრე მათ წინამძღვრებსა და იქ მოღვაწე ბერებს, რომლებმაც დაადასტურეს სამედიცინო მიღწევებისადმი პატივისცემა და მითხრეს, რომ თავადაცაცრილები იყვნენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა. ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა“, – წერს ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში.

დეკანოზი თამაზ ლომიძე: აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში. აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად

„მე სრულად აცრილი ვარ. ჩემი ოჯახის ყველა წევრიც აიცრა. ვინც აზრს მეკითხება, ყველას ვურჩევ სასწრაფოდ აიცრას. არ გამაჩნია არავითარი შიში და ეჭვი ამასთან დაკავშირებით. აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში. აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად. როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?! ნუ გადააგდებთ ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს დაუდევრობისა და რაღაც უაზრო ცრურწმენების გამო. დღეს აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა!“, – აცხადებს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი: ისტორიულად ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დასამარცხებლად

„როდესაც განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას, იცი, რომ ისტორიულად ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დამარცხების, როდესაც ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას უცნაური სიკვდილისგან, მეტი ფიქრის დრო აღარ არის. ამით იყო გამოწვეული ვაქცინის გაკეთების გადაწყვეტილება“, – განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრმა. ასევე ნათლისღების წირვაზე ქადაგებისას ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მანვე აღნიშნა, რომ  პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია. „მინდა, გითხრათ, რომ მთელი საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს, ბიბლია გვასწავლის გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება. რამდენიმე ხნის წინ, საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე, საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო ნასა-ში მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. ის ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში, რელიგიის კუთხით, არ არსებობსო. მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით ასეც იქნება“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მამა დოროთე: მრევლში ბევრი მყავს ექიმი, ისინი ჩვენ ხომ გვანდობენ სულს და მე რა უფლება მაქვს, მათ ჩემი ხორცი არ ვანდო

„არცერთ მღვდელს არა აქვს უფლება, ვინმეს აუკრძალოს ამის გაკეთება და უთხრას, რომ ეს არის  სატანის… ნუ მიაქცევთ ყურადღებას და ნუ გაარეკლამებთ იმ ადამიანებს, ვინც ანტივაქსერია. როცა ფოტო დავდე, ვგრძნობდი პასუხისმგებლობას ვაქცინის მიმართებაშიც… არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც ბევრია ანტივაქსერი… ორი პასუხისმგებლობაა: ერთი რომელიც ამბობს, რომ არ გაიკეთოთ, მეორე, რომელიც ამბობს, რომ მე გავიკეთე და გაიკეთეთ. ამ ორი პასუხისმგებლობიდან, ვფიქრობ, ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას იღებს ის ადამიანი, ვინც ამბობს, არ გაიკეთოთ, რადგან ათასები კვდებიან. ამ პასუხისმგებლობას მე არ ავიღებ და ვერ ვეტყვი, როცა ადამიანი კვდება და ერთი ჩხვლეტა შველის. მრევლში ბევრი მყავს ექიმი, ისინი ჩვენ ხომ გვანდობენ სულს და მე რა უფლება მაქვს, მათ ჩემი ხორცი არ ვანდო. მრევლიშიც მყავს პატიოსანი ექიმები და ვფიქრობ, რომ საქართველოში ექიმების დონე არანაკლებია, მაღალი კვალიფიკაციის არიან და ჯობია, დავუჯეროთ“, – განაცხადა მამა დოროთემ „ტვ პირველის“ ეთერში.

არქიმანდრიტი ილი თოლორაია: ვფიქრობ, რომ ასეთ დროს უნდა ვენდოთ ექიმებს

„ჩვეულებრივად ფოტო დავდე და ამ ადამიანებს ვუთხარი, რომ აცრა გავიკეთე… ვფიქრობ, რომ ასეთ დროს უნდა ვენდოთ ექიმებს. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მარტო ის არ არის, მე დავაადდები, არის საშიშროება, რომ მე გადავდებ სხვა ადამიანს. ტაძარში მოდიან, აღსარებაზე… ნათლობებია, ურთიერთობები ადამიანებთან. ეს რომ იყოს ისეთი ავადმყოფობა, რომ მარტო შენ გემართება და სხვას არ გადასდებ, სხვა არის, მაგრამ ეს არის ისეთი, რომ შენი უყურადღებობით შენ თუ დაგემართება, შეიძლება სხვა ადამიანიც დააზიანო“, – განაცხადა სამების ტაძრის დეკანოზმა ილიამ გადაცემაში „პირველი ხაზი“.

ლისის მამათა მონასტრის იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი: ტექნიკურ-მეცნიერული მეთოდებით არ შეეცდება ანტიქრისტე ადამიანთა სულების წარტაცებას

ლისის მამათა მონასტრის იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს[ამონარიდი]: „მე ქრისტიანი ვარ და ვცდილობ ღვთისაგან ნაბოძებ სიცოცხლეს გავუფრთხილდე, ჩემსასაც და სხვისასაც!.. ვაქცინის შექმნა ერთ და ორ დღეში არ უსწავლიათ მეცნიერებს… ტექნიკურ-მეცნიერული მეთოდებით არ შეეცდება ანტიქრისტე ადამიანთა სულების წარტაცებას, აქ სარწმუნოებრივი და პირადი სულიერი დაცემა და გადაწყვეტილება იქნება საჭირო, რომ ადამიანმა ქრისტე უარყოს და მისი ნაცვალი გააღმერთოს. ისეთი მეთოდით, როგორც თქვენ გგონიათ ანტიბიოტიკში ან სულაც სხვა რამეში შემოგაპარებს ჩიპებს და მსგავს მასობრივი მართვის მექანიზმებს და ნებას წაგართმევს, მაგრამ, დაფიქრდით, განა ღმერთი დაგვსჯის ნებაწართმეულ მოტყუებულ და მოკვდინებულ ადამიანებს? არა, აქ სწორედაც რომ ლაპარაკია ჯანმრთელად მყოფ ადამიანზე, რომელიც ნებას თავისი სისუსტის გამო, იმიტომ, რომ მას ქრისტე აღარ სჭირდება, ამის გამო სხვას გააქრისტევებს, ანუ საკუთარ თავს, ვნებებს და სურვილებს, ამას ერიდეთ და არა იმ მეცნიერებას, რომელიც ღვთისაგანაა და ღრმად მწამს, რომ წამალიც და მედიცინაც კაცობრიობას ღმერთმა დაუდგინა ადამიანის დაზიანებული სხეულის საკეთილდღეოდ. მორჩით მჩხრეკელობას და მიმოწვილველობას, ნუ ეძებთ ანტიქრისტეს ჩიპებში და ვაქცინებში, ქრისტეც და ანტიქრისტეც ორივე ჩვენშია და არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია”, – წერს მამა ლუკა ფალავანდიშვილი.

throughthenews.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close