მსოფლიოკრიმინალი

56 წლის წინანდელი სავარაუდო ძალადობრივი სექსის გამო 80 წლის ბობ დილანს სასამართლოში უჩივლეს

ამერიკელ მუსიკოსსა და პოეტს ბრალს სდებენ სექსუალურ შევიწროებაში. ქალი ინიციალებით J.C. (ჯეი სი) ამტკიცებს, რომ დილანი მასზე 1965 წლის აპრილ-მაისში ნიუ-იორკში, საკუთარი სასტუმროს ნომერში ძალადობდა. თვითონ მაშინ 12 წლის იყო, მუსიკოსი კი – 24-ის.

ბრალდების თანახმად, დილანმა „გამოიყენა მუსიკოსის სტატუსი საიმისოდ, რათა დაემყარებინა ემოციური კავშირი გოგონასთან, მისთვის ალკოჰოლი და ნარკოტიკები მიეწოდებინა და მასზე რამდენჯერმე სექსუალურად ეძალადა“.

ბრალდებებს უარყოფს ბობ დილანის წარმომადგენელი. მისი ბიოგრაფი, კლინტონ ჰეილინი კი ამბობს, 1965 წლის აპრილ-მაისში მუსიკოსი ნიუ-იორკში თითქმის არ იყო ხოლმეო.

„ეს შეუძლებელია. დილანს მაშინ ინგლისში ჰქონდა ტური, შემდეგ იქიდან ორი კვირა ლოს-ანჯელესში იყო, პლუს ერთ ან ორი დღე ვუდსტოკზე. ტური ათდღიანი იყო, მაგრამ ბობი ლონდონში 26 აპრილს გაფრინდა და ნიუ-იორკში 3 ივნისს დაბრუნდა. თუკი დილანი საერთოდაა ნამყოფი ნიუ-იორკში აპრილში, ეს მაქსიმუმ ერთ-ორ დღეს გაგრძელდა. როდესაც ტურში არ იყო, დროის უმეტეს ნაწილს ვუდსტოკში ატარებდა“, – უთხრა მან გამოცემა HuffPost-ს.

თუმცა ჯეი სის ადვოკატი, დენიელ აიზეკსი აცხადებს, რომ მუსიკოსს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რათა მის კლიენტზე ეძალადა.

„იყო დღეები, კერძოდ რამდენიმე კვირა აპრილში, როდესაც იგი ტურში არ იმყოფებოდა. ეს ყველაფერი საჭირო დროს გამოაშკარავდება“, – უთხრა ადვოკატმა 18 აგვისტოს გამოცემა PageSix-ს – სასამართლოში ჩივილამდე, ბრალდებები გულდასმით გადავამოწმეთ და ყველაფერი გამოვიკვლიეთ“.

ბობ დილანი 80 წლისაა. იგი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი მუსიკოსია. მას ეკუთვნის თითქმის 40 სტუდიური ალბომი. ათწლეულების მანძილზე იგი სიმღერებსა და ლექსებს უძღვნიდა უთანასწორობასთან, რასიზმთან და ძალადობასთან ბრძოლას.

2016 წელს ბობ დილანმა ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში, „ამერიკის დიდებულ სასიმღერო ტრადიციაში ახალი პოეტური ენის შექმნისთვის“.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close