საბერძნეთის პრემიერი: ბოლო დღეები ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე იყო – ჩვენ უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური უბედურების წინაშე ვდგავართ
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ბოდიში მოიხადა ტყის ხანძრების ჩაქრობისას გამოვლენილი ჩავარდნისთვის.
„მე სრულად მესმის ჩვენი თანამოქალაქეების ტკივილი, რომლებმაც იხილეს, როგორ იწვებოდა მათი სახლები ან ქონება. პრიორიტეტი სიცოცხლის გადარჩენაა. აშკარაა, რომ კლიმატის კრიზისი გავლენას ახდენს მთელ პლანეტაზე. ეს ახსნა-განმარტებაა, მაგრამ ეს არ არის გამართლება, ან ალიბი. ჩვენ შეიძლება ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ადამიანურად შესაძლებელი იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევებში ეს ბუნებასთან არათანაბარ ბრძოლაში საკმარისი არ აღმოჩნდა“, – აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
კირიაკოს მიცოტაკისმა ასევე განაცხადა, რომ საბერძნეთის ხანძარსაწინააღმდეგო რეაგირების სისტემაში ნებისმიერი ჩავარდნა გამოვლინდება, პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ, ხოლო ადამიანები, რომელთა ქონება განადგურდა, კომპენსაციას მიიღებენ.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 63 ორგანიზებული ევაკუაცია განახორციელდა, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 586 კერა გაჩნდა.
„ბოლო დღეები ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე იყო. ჩვენ კვლავ ვებრძვით ხანძარს. ჩვენ უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური უბედურების წინაშე ვდგავართ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საბერძნეთის ტერიტორიაზე ხანძრის 586 კერა გაჩნდა“, – განაცხადა მან.
imedinews.ge
კომენტარები