სპორტი

ოლიმპიური თამაშების ორ ვერცხლისმედალოსანს აკრედიტაცია შეუჩერეს და ოლიმპიური თამაშები დაატოვებინეს

ორ ქართველ ძიუდოისტს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დაატოვებინეს ოლიმპიური სოფლის ტერიტორიიდან გასვლისთვის. ამის შესახებ იაპონურმა სააგენტო Kyodo-მ 31 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია.

სააგენტოს თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 23 ივლისს დაიწყო, მონაწილეებს აკრედიტაცია მოუხსნეს.

როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, საქმე ეხება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსნებს, 27 წლის ვაჟა მარგველაშვილსა და 29 წლის ლაშა შავდათუაშვილს. მისი თქმით, სპორტსმენებმა ოლიმპიური სოფლის ტერიტორია დატოვეს და იაპონიაში მცხოვრები მეგობრის შესახვედრად მიდიოდნენ.

„როცა ისინი ოლიმპიური სოფლის გარეთ გავიდნენ, გასასვლელში არავის გაუჩერებია, ამიტომ მათ იფიქრეს, რომ გარეთ გასვლა შეეძლოთ“, – განუცხადა 31 ივლისს AFP-ს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა 29 ივლისს განაცხადეს, რომ დარღვევისთვის ზომებს იღებენ ოლიმპიური თამაშების მინიმუმ ერთი მონაწილის წინააღმდეგ, მაგრამ ინციდენტთან დაკავშირებული პირების ვინაობა არ დაუსახელებიათ.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა მასანორი ტაკაიამ 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმე ეხება COVID-19-ის პროტოკოლის „უხეშ დარღვევას“ და რომ დამრღვევებს აღარ ექნებათ ოლიმპიურ ობიექტებზე შესვლის უფლება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მარგველაშვილსა და შავდათუაშვილს 29 ივლისს შეუჩერეს აკრედიტაცია და ისინი საქართველოში გაემგზავრნენ.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close