ისტორიამსოფლიოპოლიტიკა

როგორ დაეხმარა საბერძნეთის მთავრობა 1920 წელს გორში მომხდარი ძლიერი მიწისძვრით დაზარალებულებს

როგორც ცნობილია, 1920 წლის 20 თებერვალს გორის მაზრაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა 6,2 ერთეულს შეადგენდა და ქალაქი ძლიერ დაზარალდა. თითქმის ყველა შენობა დაინგრა. დაზიანდა გორის ციხეც. გადარჩა ქალაქის გამგეობისა და სადგურის შენობები.

იმ პერიოდში საქართველოში მუშაობდა საბერძნეთის სამეფოს დიპლომატიური მისია, რომლის ხელმძღვანელობაც აქტიურად ჩაერთო დაზარალებულთა დასახმარებლად უცხოური მისიების მიერ დაწყებულ კამპანიაში.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ და ისტორიულ არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად, ბერძნული დიპლომატიური მისიის წევრი, ლეიტენანტი ალექსანდრე რაფაელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებს, რომ დანგრეულია ქალაქი გორი, ასევე, გორის მაზრის 47 სოფელი. დიდია მსხვერპლი, 80 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

რაფაელის ცნობით, საქართველოს მთავრობამ საბერძნეთისგან ფინანსური დახმარება ითხოვა. იგი იტყობინება, რომ საქართველოში არსებულმა სხვა დიპლომატიურმა მისიებმა მნიშვნელოვანი თანხები გაიღეს და საბერძნეთის სახელმწიფოს სახელით 10 ათასი ბერძნული დრაქმის გამოყოფას ითხოვს. ლეიტენანტი იქვე აღნიშნავს, რომ თურქების მიერ ყარსის აღების შემდეგ ქართველები მატერიალურად დაეხმარნენ ბერძენ ლტოლვილებს, როდესაც ისინი საქართველოში აღმოჩნდნენ.

28 მაისს საბერძნეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 10 ათასი დრაქმის გამოყოფის თაობაზე, თუმცა თანხის გადარიცხვა საკმაოდ დაგვიანდა და ბერძნული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობას მოუწია, შეპირებული თანხის დაგვიანება საბერძნეთის პარლამენტის მუშაობის დროებით შეწყვეტისთვის დაებრალებინა. საბოლოოდ, 14 აგვისტოს საბერძნეთის სახელმწიფო ხაზინიდან თანხა გამოიყო და საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა, რომელმაც ფული თბილისში გაგზავნა.

გიორგი ჯანელიძე

P. S. მადლობას ვუხდით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელობას ბერძნული საარქივო დოკუმენტების გაცნობის შესაძლებლობისთვის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close