საზოგადოებასაბერძნეთი

კოვიდის გამო ორი თვის წინ დაობლებულმა ბერძენმა ბიჭმა ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო – პრემიერ-მინისტრმა მას პირადად მიულოცა

18 წლის ბერძენმა ბიჭმა, რომლის მშობლები კორონავირუსმა ორი თვის წინ იმსხვერპლა, მთელი საბერძნეთის ყურადღება  მიიპყრო. დიმიტრის კარაკოსტასმა დიდი ტრაგედიის მიუხედავად საკუთარ თავში ძალა იპოვა და ეროვნულ გამოცდებში რეკორდულად მაღალი ქულები მიიღო, რამაც საშუალება მისცა, ის უნივერსიტეტი აერჩია, რომელზეც ოცნებობდა.

დიმიტრისის მამა, ნავპაქტოსის მერის მოადგილე კოსტას კარაკოსტასი, 56 წლის იყო, დედა კი – ნიკოლიცა მურტუ, რომელიც ქიმიას ასწავლიდა სკოლაში (მათ შორის, თავად დიმიტრისსაც), 51 წლისა. ისინი კოვიდ-19-ისგან რიოს (Ρίου) საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

მათ 4 შვილი დარჩათ – ოთხივე ბიჭი. 18 წლის დიმიტრისს მშობლების დაკარგვის უდიდესი ტკივილის გარდა ეროვნული გამოცდების სტრესიც ელოდა, თუმცა ბიჭმა იყოჩაღა – „18 685 ქულა დააგროვა და საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა მშობლებს, რომლებიც ზეციდან უღიმიან მას“, – წერს star.gr. ამ ქულებით მან უფლება მოიპოვა, სასურველი უმაღლესი სასწავლებელი აერჩია. დიმიტრისმა სამედიცინოზე სწავლა გადაწყვიტა.

„მეგასთან“ ინტერვიუში ბიჭმა თქვა: „ეს ძალიან ძნელი იყო. და თუმცა ზოგჯერ ცოტა უიმედობა მიპყრობდა, ვიცოდი, რომ არ დავნებდებოდი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი მშობლების მიზანიც“.

მისივე თქმით, ვაქცინა ცოტა ადრე რომ გამოშვებულიყო, შესაძლოა, მისი მშობლები გადარჩენილიყვნენ.

პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა პირადად დაურეკა დიმიტრისს და ეროვნულ გამოცდებში წარმატება მიულოცა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close