fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ვინ არის კაცი, რომელმაც რაჭაში საყვარელ ქალს გულის ფორმის ჩანჩქერი აჩუქა

რაჭის ულამაზეს ბუნებაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია, ბუნებამ რაჭა და რაჭველები სილამაზით გულუხვად დააჯილდოვა, მაგრამ ახლა დიდ საიდუმლოს ფარდა პირველად აეხდება და ამ სტატიიდან გაიგებთ, რომ ამბროლაურში სიყვარულის ჩანჩქერი კლდეში გამოკვეთილი ბუნებრივი, პირველშობილი ფორმის არაა.

ბუნებრივ თხრილს რაჭველმა კაცმა კედლები ნახაჯით და ქვით უმტვრია, ჩანაფიქრი გულიდან ჩამოფრქვეული ჩანჩქერი იყო – ჩანაფიქრი გამოვიდა… მაშინ ლევან მურუსიძე შეყვარებული არ ყოფილა, თუმცა რომანტიზმმა თავისი როლი პირნათლად შეასრულა და ამბროლაურის სავიზიტო ბარათად ქცეული ჩანჩქერი გულიდან გადმოაწვიმა

გავიდა წლები და მეგობრების ქორწილში ლევან მურუსიძე და ანა კახაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. სწორედ იმ ქორწილში მომავალი ოჯახი დაიბადა – წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა და იქროწინეს კიდეც.

ქორწინებიდან მალევე ერთ არაფრით გამორჩეულ ღამეს ლევანი ცოლს სახლიდან გაეპარა. მთვარის შუქზე დიდი გულის ზევით, ცასთან უფრო ახლოს კლდეში შედარებით პატარა გული გამოკვეთა, მან ეს საჩუქარი მეუღლეს მიუძღვნა. ასე დაიბადნენ რაჭაში ჩვენი დროის რომეო და ჯულიეტა. ის ამბობს, სიყვარულის გამოხატვაში ბუნებაც დავიხმარეო. რომანტიკოსი სტომატოლოგი გამოგვიტყდა, რომ მისი მეუღლე პირველი სიყვარულია, თუ ბავშვურ გატაცებებს არ ჩავთვლით…

სპეციალურად საყვარელი ქალისთვის ნაკვეთ გულის ჩანჩქერში წყალი მუდმივად „ფეთქავს“. რომანტიზმი, შემოქმედებითობა და დიდი გრძნობით შესრულებული ნამუშევარი ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. მას ხალხმა სიყვარულის ჩანჩქერი უწოდა. ამ დრომდე თითქმის არავინ იცის ისტორია, რომელზეც თავად ჩანჩქერის „შემქმნელს“ ლევან მურუსიძეს ვესაუბრეთ…

ლევან მურუსიძის პირველი ნამუშევარი – გულად ქცეული თხრილი

„ბუნებრივად ამ ადგილას პატარა თხრილი იყო, საიდანაც წყალი ჟონავდა. არ ვიცი, რატომ მაგრამ ძალიან მომინდა, გულის ფორმა მიმეცა. ერთ დღესაც ხელსაწყოები ავიღე, კლდე ვამტვრიე და გულის ფორმაც გამოვიდა. მაშინ, შეყვარებული არ ვყოფილვარ, უბრალოდ, მომინდა ასე გამეკეთებინა.

გავიდა დრო, 2009 წელს, რაჭაში მეგობრის ქორწილში კახეთიდან გოგო ჩამოვიდა, ამ ქორწილში მეჯვარე ვიყავი. სტუმარი ძალიან მომეწონა, ნომრები გავცვალეთ და ერთმანეთი შეგვიყვარდა. 2011 წელს მასზე ვიქორწინე. ორი ქალიშვილი შეგვეძინა – ერთი 7 წლისაა, მეორე – 4-ის.

სიყვარულის ჩანჩქერთან, რომელშიც ჩემი ხელი ურევია, სახლი ახლოს გვაქვს… ხშირად მიწევდა იმ ადგილას გავლა, ერთხელაც ამ დიდი გულის ჩანჩქერის თავზე კიდევ პატარა ბუნებრივი თხრილი სულ სხვა თვალით დავინახე.

მეუღლისთვის არაფერი მითქვამს, დაღამებას დაველოდე, ჩუმად წავედი და მეორე თხრილსაც გულის ფორმა მივეცი, კლდე ნაჯახით ვამტვრიე… მინდოდა, მისდამი სიყვარული გამომეხატა და ამაში ბუნებაც დავიხმარე. ზედა გული იმდენად პატარაა, იქ ვერავინ შევა, ოთხივე სეზონზე ინამება და წყალი გადმოდის.

მეორე დღეს ჩემი ცოლი სიყვარულის ჩანჩქერთან მივიყვანე და ვუთხარი, რომ გულის ჩანჩქერს მას ვუძღვნიდი. რა თქმა უნდა, ძალიან ესიამოვნა და გაუხარდა.

ზედა ნაწილი – პატარა გულის ჩანჩქერი, ლევან მურუსიძის საჩუქარი მეუღლეს

ამ ჩანჩქერთან შვილები მიგვყავს, ფოტოებსაც ვიღებთ, მაგრამ მათთან ჩემს „ნახელავზე“ არ მისაუბრია. ზოგადად, ძალიან ცოტამ იცის, რომ ამ ჩანჩქერს გულის ფორმა მე ვიცი. მეცინება ხოლმე, როცა წერენ ან ჰყვებიან, „ლეგენდის თანახმადო“.

არასოდეს, სოციალურ ქსელშიც კი არ დამიწერია, რომ ამ ყველაფერში ჩემი ხელი ურევია… ამის აფიშირებას არც ანა ახდენს. იციან ჩვენმა ახლო მეგობრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. იმისთვის, რომ ტურისტულად მიმზიდველი ყოფილიყო, გზა მიიყვანეს და ახლა ხშირად ტურისტები მიდიან.

ხალხს ლეგენდები იზიდავს და სანამ მეგობარმა ეს ისტორია თქვენ არ მოგიყვათ, „ლეგენდა“ ლეგენდად რჩებოდა, აქამდე არასოდეს ვსაუბრობდი…

მე ახლა მე 37 წლის ვარ, ჩემი მეუღლე ანა კახაშვილია, ახლახან 31 წლის გახდა. პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი ვარ, ჩემი ცოლი გერმანისტია, თუმცა თავისი პროფესიით არ უმუშავია, თავი ოჯახს მიუძღვნა. მერე პროფესიის შეცვლა მოისურვა და ის კოსმეტოლოგ-ლაზეროთერაპევტია“, – ამბობს ლევან მურუსიძე.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close