fbpx
საბერძნეთისპორტი

სპირიდონ ლუისი: თანამედროვე ოლიმპიური თამაშების პირველი ბერძენი გმირი

დღეს, 23 ივლისს ტოკიოში 32-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. როგორც ცნობილია, ანტიკური ეპოქის საბერძნეთში არსებული ეს ტრადიცია თანამედროვე ეპოქაში ფრანგი საზოგადო მოღვაწის, პიერ დე კუბერტენის ინიციატივით აღორძინდა და 1896 წელს მას ათენმა უმასპინძლა.

პირველი ოლიმპიადა დღევანდელთან შედარებით ერთობ მოკრძალებული იყო და მასში 14 ქვეყნის 245 სპორტსმენი მონაწილეობდა. ოლიმპიური დღესასწაული 5 აპრილს (იულიუსის კალენდრით – 24 მარტს) დაიწყო – წითელ პარასკევს, დილის 11 საათზე, გიორგიოს ავეროფის მიერ საკუთარი ხარჯით რეკონსტრუირებულ ათენის კალიმარმაროს ანტიკურ სტადიონზე.

ყველაზე დიდი მოლოდინი მარათონულ გარბენას უკავშირდებოდა. ბერძნების დიდი სურვილი იყო, აღნიშნულ სახეობაში საკუთარი თანამემამულის გამარჯვება ეხილათ. ჩატარდა წინასწარი შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო წყლის გამყიდველის შვილმა, ფოსტალიონმა სპირიდონ (სპიროს) ლუისმა, რომელიც იმ დროს ჯარში მსახურობდა. რამდენადაც ლუისი გამძლეობით გამოირჩეოდა, მისმა უშუალო მეთაურმა, პოლკოვნიკმა პაპადიამანდოპულოსმა 24 წლის ჯარისკაცს რეკომენდაცია გაუწია. ლუისის თავდაპირველი ცდა არ ისე წარმატებული იყო. მან მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა. ოლიმპიური მარათონი 29 მარტს გაიმართა (იულიუსის კალენდრით). თავდაპირველად ფრანგი მძლეოსანი ალბენ ლერმიზიო დაწინაურდა, ხოლო ლუისი გზად ერთ-ერთ ტავერნაში შეჩერდა, სადაც ჭიქა ღვინო მოითხოვა. ის ამტკიცებდა, რომ მცირე დასვენების შემდეგ ყველას გადაასწრებდა და გაიმარჯვებდა.

მართლაც, ლუისმა 2 საათში, 58 წუთსა და 50 წამში დაფარა დისტანცია და საკუთარი შედეგი 20 წუთით გააუმჯობესა. ის პირველი გამოჩნდა კალიმარმაროს სტადიონზე, სადაც ათიათასობით მაყურებელი მოუთმენლად ელოდა. გახარებული ბერძნები თავიანთ გმირს იქვე სთავაზობდნენ ღვინოს, რძეს, ლუდს, სააღდგომო კვერცხებსა და ფორთოხლის წვენს.

ლეგენდის თანახმად, საბერძნეთის მეფე გიორგიოსმა ლუისს ჰკითხა, თუ რას ისურვებდა საჩუქრად, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ სახედარს ისურვებდა, რომელიც წყლის ზიდვაში დაეხმარებოდა.

ოლიმპიადის შემდეგ სპირიდონ ლუისმა მშვიდი ცხოვრება გააგრძელა, თუმცა 1926 წელს ის სამხედრო დოკუმენტების გაყალბებაში დაადანაშაულეს. შედეგად ერთი წელი ციხეში გაატარა. ლუისი ბოლოს 1936 წლის ბერლინის ოლიმპიური თამაშების დროს გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, სადაც ორგანიზატორებმა ის საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.

სპიროს ლუისის გამარჯვებას სხვა ლეგენდებიც უკავშირდება. კერძოდ, მეორე ადგილზე გასულ ხარილაოს ვასილაკოსს ძალიან გაჰკვირვებია ლუისის გამარჯვება, რადგან არ დაუნახავს, როგორ გადაასწრო მომავალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა. მართალია, ვასილაკოსს საჯაროდ არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, თუმცა ამ საკითხზე დავა დღემდე გრძელდება.

ყველაფრის მიუხედავად სპირიდონ ლუისი დღემდე რჩება ბერძნული ოლიმპიური მოძრაობის ლეგენდად. მისი სახელობისაა ათენის ოლიმპიური სტადიონი, სადაც 2004 წელს ათენის საზაფხულო ოლიმპიური თამაშები გაიმართა.

გიორგი ჯანელიძე

სპირიდონ ლუისის შესვლა კალიმარმაროს სტადიონზე. ათენი, 1996 წ. ფოტო ვიკიპედიიდან
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close