დღეიდან, 19 ივლისიდან დიდ ბრიტანეთში მოიხსნა ყველა დარჩენილი შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიას უკავშირდებოდა. გეგმის თანახმად, შეზღუდვების ბოლო, მეოთხე ეტაპი 21 ივნისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის დელტა (ე. წ. ინდური) შტამის გავრცელების გამო მთავრობას მისი თითქმის ერთი თვით გადადება მოუწია.
დღეიდან მოიხსნა შეზღუდვა საქორწილო თუ დაკრძალვის ცერემონიებში მონაწილეთა რაოდენობაზე, პაბებსა და რესტორნებში ისევ შესაძლებელია ბარის დახლთან საჭმლის და სასმლის შეკვეთა, გაუქმდა მომხმარებელთა რეგისტრაციის მოთხოვნაც. გაიხსნა ღამის კლუბები, მასობრივი ღონისძიებების გამართვისთვის ორგანიზატორებს უკვე აღარ სჭირდებათ სერტიფიკაცია, ხოლო ოფისის თანამშრომლებისთვის უკვე აღარ არის ვალიდური რეკომენდაცია, შეძლებისდაგვარად, სახლიდან იმუშაონ.
ბრიტანელი ექსპერტები შიშობენ, რომ შეზღუდვების გაუქმებამ იმ ფონზე, როდესაც სრულად აცრილი მოსახლეობის წილი ჯერჯერობით 53%-მდეა, შესაძლოა ინფიცირების შემთხვევების უკონტროლო ზრდა გამოიწვიოს.
ბრიტანეთში ბოლო პერიოდში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების 50 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისათვის ქვეყანაში 908 281 აქტიური პაციენტია, მათგან სერიოზულად და კრიტიკულად მძიმედ ფასდება 551 პაციენტის ჯანმრთელობა, რაც პროცენტულად ძალიან დაბალი მაჩვენებელია (0,06%). სპეციალისტების თქმით ეს აცრების დამსახურებაა. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას სიფრთხილისა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. თავად ჯონსონი კოვიდინფიცირებულთან – ჯანდაცვის მდივან საჯიდ ჯავიდთან კონტაქტის გამო გუშინ თვითიზოლაციაში გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, ასევე, ისრაელმა დიდი ბრიტანეთი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა და ბრიტანეთიდან ამ ქვეყნებში ჩასულ მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები