დიდი ზომის ხომალდები, მათ შორის, საკრუიზო გემები, ვეღარ შეძლებენ ჯუდეკას არხში გავლასა და ვენეციის სან-მარკოს მოედნის წინ ცურვას. შესაბამისი კანონი უკვე დაამტკიცა იტალიის მინისტრთა კაბინეტმა, ნათქვამია მთავრობის საიტზე.
„ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისთვის, რომ დავიცვათ ვენეციის ბუნება, ლანდშაფტი და ასევე მისი მხატვრულ-კულტურული მთლიანობა“, — განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ენრიკო ჯოვანინიმ.
იტალიის კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ კი კანონს, რომელიც 1 აგვისტოდან შევა ძალაში, ისტორიული უწოდა.
- დოკუმენტში აღინიშნება, რომ აკრძალვა ვრცელდება იმ ხომალდებზე, რომლებიც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც შეესაბამება: ტონაჟი — 25 ათას ტონაზე მეტი, სიგრძე — 180 მეტრი ან სიმაღლე 35 მეტრზე მეტი.
ამასთან, კანონი ითვალისწინებს საკომპენსაციო ფონდის შექმნას იმ კომპანიებისა და მათი თანამშრომლებისთვის, რომლებიც ახალი შეზღუდვების შედეგად დაზარალდებიან.
აღსანიშნავია, რომ ივნისში იუნესკომ მოითხოვა, დაუყოვნებლივ აკრძალულიყო დიდი საკრუიზო ლაინერების შესვლა ლაგუნაში, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავდა ვენეციის „შავ სიაში“ შეყვანას. ამ ჩამონათვალში შედის მსოფლიო მემკვიდრეობის ის ობიექტები, რომლებსაც საფრთხე ემუქრება.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს წყაროზე დაყრდნობით, სწორედ ასეთმა ნეგატიურმა პერსპექტივამ აიძულა იტალიის მთავრობა, სწრაფად ემოქმედა.
აღინიშნება, რომ COVID-19-ის პანდემიამდე ვენეციაში მილიონობით ტურისტი ჩადიოდა საკრუიზო ხომალდებით. ამგვარი ლაინერებისგან წარმოქმნილი ტალღები კი ზიანს აყენებდა შენობების ფუნდამენტებს და ლაგუნის ეკოლოგიას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ჯუდეკის არხში ნავმისადგომს შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა (ვიდეო).
კომენტარები