საზოგადოება

ლექსო ლაშქარავას გამოსვენებისას ოპერატორებმა დერეფანი გააკეთეს და კოლეგა დაშვებული კამერებით გააცილეს

იოსელიანის ქუჩაზე, იმ კორპუსის წინ, საიდანაც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გამოასვენეს, სხვადასხვა ტელევიზიის ოპერატორებმა დერეფანი გააკეთეს და კოლეგა უკანასკნელ გზაზე დაშვებული კამერებითა და ტაშით გააცილეს.

გარდაცვლილი ოპერატორი ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე, კოლეგებთან ერთად, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და მოქალაქეები მივიდნენ, რომლებიც ოჯახის ტრაგედიას იზიარებენ.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ, 5 ივლისს ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, როდესაც იგი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს. ექსპერტიზის დასკვნა თვე-ნახევარში გახდება ცნობილი.

ლექსო ლაშქარავასა და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღაღურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის ხუთი ბრალდებულია დაკავებული, მათგან ოთხს პატიმრობა უკვე შეეფარდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close