მსოფლიოსაზოგადოება

11 წლის ვუნდერკინდმა ფიზიკაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო

ბელგიაში მდებარე დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის ქალაქ ოსტენდში მცხოვრებმა 11 წლის ვუნდერკინდმა ლორან საიმონსმა ანტვერპენის უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და ფიზიკაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდებში დაფუძნებული გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ლორან საიმონსმა ანტვერპენის უნივერსიტეტში სწავლა 2020 წლის მარტში დაიწყო და ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამის ნაცვლად მხოლოდ ერთი წელი დასჭირდა. შედეგად 11 წლის ბელგიელი ვუნდერკინდი რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელსაც აღნიშნული აკადემიური წოდება მიენიჭა. ამ სტატუსს დღემდე ამერიკელი მაიკლ კევინ კირნი ინარჩუნებს, რომელმაც სამხრეთ ალაბამის უნივერსიტეტი 1994 წელს 10 წლის ასაკში დაასრულა და ანთროპოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ლორან საიმონმა 2019 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ 9 წლის იყო, ნიდერლანდებში მდებარე ეინდჰოვენის უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო სწავლა შეწყვიტა.

11 წლის ვუნდერკინდი, ლორან საიმონსი, რომელსაც ფიზიკაში ბაკალავრის ხარისხი მიანიჭეს. ფოტო: Filipino Times

მედიისთვის მიცემული ინტერვიუს დროს ლორანმა განაცხადა, რომ ის ცხოვრებას სამუდამოდ აპირებს. ანტვერპენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ამისთვის საკუთარი თავის კიბორგად გადაქცევას გეგმავს. მისი თქმით, აღნიშნული ჩანაფიქრის განსახორციელებლად ორი გზა არსებობს. ბელგიელი ვუნდერკინდის აზრით, პირველი შესაბამის დარგში ცოდნის გაღრმავებაა, შემდეგ კი – მისი რეალიზება.

„არ მაღელვებს, ვარ თუ არა ყველაზე ახალგაზრდა, ვისაც ბაკალავრის ხარისხი მიანიჭეს. ჩემთვის მთავარი განათლების მიღებაა. მიზნად ვისახავ, საკუთარი თავი უკვდავად ვაქციო, რისთვისაც სხეულის ნაწილების მექანიკური მოწყობილობებით ჩანაცვლება უნდა შევძლო. ამ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნის მიღება და მისი გამოყენებაა. მეორე მათგანის მისაღწევად მსოფლიოს საუკეთესო პროფესორებთან მუშაობას ვგეგმავ, რომ მათ ტვინს დავაკვირდე და გავარკვიო, თუ როგორ აზროვნებენ ისინი“, – განაცხადა მედიასთან საუბარში ლორან საიმონსმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლორანი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ანტვერპენის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლას დაიწყებს. ის ცოდნის გაღრმავებას კვანტურ ფიზიკაში აპირებს. აღსანიშნავია, რომ 11 წლის ვუნდერკინდმა სამაგისტრო პროგრამის რამდენიმე კურსი არაოფიციალურად უკვე გაიარა.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close