საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს ზრდასრული მოსახლეობისთვის, 24-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ამის შესახებ „Le Figaro“ წერს. სიტყვათშეთანხმება „სავალდებულო ვაქცინაცია“ საფრანგეთში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის როგორც მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებთან, ისე მთელ მოსახლეობასთან მიმართებით, თუმცა გაურკვეველია ამგვარი შესაძლო გადაწყვეტილების იურიდიული ასპექტი.
სამედიცინო პერსონალისა და მოხუცთა სახლების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, ახლა კი დღის წესრიგში დადგა ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციის სავალდებულო რეჟიმში გადატანის განხილვა. გასულ კვირაში ამ საკითხზე სენატის COVID-19-ის მისიამ იმსჯელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტს შესაბამისი კანონის პერსპექტივების განხილვის თხოვნით პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა მიმართა. კანონპროექტი, როგორც ვარაუდობენ, პირველ ეტაპზე ყველა სამედიცინო მუშაკისა და ხანდაზმულთა სახლების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციას განსაზღვრავს, შემდეგ კი, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ზრდასრული მოსახლეობის სხვა ჯგუფებზეც გავრცელდება.
ამ საკითხის გააქტიურება ორი მიზეზით არის გამოწვეული – ვაქცინაციის ტემპის შენელებით და დელტა ვარიანტის გავრცელებით. ამ უკანასკნელის გამო ბოლო რამდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები შეშფოთების საგანი ხდება.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერნანი შიშობს, რომ კორონავირუსის დელტა შტამის (ე. წ. ინდური ვარიანტი) გავრცელებამ შესაძლოა ქვეყანაში ეპიდემიის მეოთხე ტალღა გამოიწვიოს.
ვაქცინაციის ტემპის შენელების მიზეზია ის, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კოვიდ-19-ზე აცრისისგან თავს იკავებს, რაც კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი მაჩვენებლის – 80%-ის მიღწევას აფერხებს.
გამოკითხვის თანახმად, ზრდასრული ფრანგების დაახლოებით 20% უარს ამბობს ვაქცინაციაზე, 18-იდან 24 წლამდე ახალგაზრდებში კი აცრა არ სურს 26%-ს.
რაც შეეხება „სავალდებულო ვაქცინაციას“, Odoxa-Backbone Consulting-ის მიერ Franceinfo-სა და Le Figaro-სთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ფრანგების 58% ამის მომხრეა მთელი ზრდასრული მოსახლეობისთვის, 72%-ის კი მიაჩნია,მ რომ აცრა სავალდებულო უნდა გახდეს მოხუცთა სახლების პერსონალისთვის.
რაც შეეხება 12-იდან 17 წლამდე მოზარდებს, რომელთა აცრა კორონაცვირუსზე საფრანგეთში 15 ივნისიდან დაშვებულია, სენატის მისია მათთან დაკავშირებით სავალდებულო ვაქცინაციის რეკომენდაციას არ იძლევა.
ამ დროისათვის საფრანგეთში ერთი დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის 51%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 34%.
ნინო ხოშტარია
კომენტარები