საზოგადოებარჩევები

გაიგე, რომელი გველი ბუდობს მახლობლად და როგორ უნდა მოიქცე

ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ შეგხვედრიათ გველი? რას შვებით ამ დროს?

ადამიანების ნაწილი ცდილობს მის მოკვლას, ნაწილი გარბის, ნაწილიც შეშდება და ყვირის, ზოგი თან გარბის და თან ყვირის.

თუ გველი აქამდე არსად გინახავს, ზაფხულის პერიოდი ის დროა როცა მათი ნახვის შანსი იზრდება. სოროდან გამოსულები გრილი ადგილების საძებნელად ახალი ტერიტორიებისკენ მიილტვიან, შეიძლება სარდაფში ჩავიდეს, სახლში შევიდეს ან რომელიმე ბუჩქის ძირას შეისვენოს. წელს, იანვრიდან დღემდე, თბილისში 234 ქვეწარმავალი დაიჭირეს და ყველაზე მეტი სწორედ გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში.

როგორ ვიქცევით თუ გველი შეგვხვდა?

ჰერპეტოლოგი (ქვეწარმავლების სპეციალისტი) შოთა ზანდუკელი გვირჩევს, რომ გველისგან თავდაცვის ყველაზე სწორი გამოსავალი განრიდებაა. გველის მოკვლის მცდელობა შეიძლება თავდასხმის, უფრო სწორად, გველის მხრიდან თავდაცვის მიზეზი გახდეს და მან უკბინოს ადამიანს.

„თავად გველი შეტევაზე არ გადადის, თუ მას საფრთხის განცდას არ შევუქმნით. თუკი თბილისის ტერიტორიაზე ნახავთ გველს შეგიძლიათ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დარეკოთ და განარიდებენ გველს თქვენს მიმდებარე ტერიტორიას“, – ამბობს ზანდუკელი.

როგორ გავარჩიოთ გველი შხამიანია თუ არა?

შხამიანი გველი ბევრად სქელია ვიდრე მისი ზომის გველები, აქვს ვერტიკალური თვალის გუგა, ვიწრო კისერი, მოზრდილი მასიური თავი და პატარა კუდი.

რადგანაც შეშინებულ ადამიანს დიდად არც აქვს თავი, რაციონალურად შეაფასოს გველის ფიზიკური მონაცემები, ჰერპეტოლოგო გვირჩევს უბრალოდ მოვშორდეთ იმ ადგილს და გველიც განაგრძობს გზას.

რა უნდა გავაკეთოთ და რა არა, თუ გველმა გვიკბინა?

თუკი გველმა გიკბინათ, უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაწვეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რომ სისხლმა სწრაფად არ იმოძრაოს, იყოთ უძრავად და მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე. თუკი გველი შხამიანია, კბენიდან მალევე იწყება წვის შეგრძნება და ტკივილი, დალურჯება და ჩაშავება. ამიტომ მნიშვნელოვანია სასწრაფოს დაელოდოთ.

არ შეიძლება:

  • ალკოჰოლის დალევა
  • ნაკბენის დასერვა
  • ნაკბენის ამოწოვა
  • ლახტის დადება,გადახვევა
  • არც სპირტის წასმა. მოკლედ, არაფერი…

შხამიანი იყო თუ არა გველი, ამას ნაკბენითაც მიხვდებით, თუკი ორი კბილის კვალი გეტყობათ, დიდი ალბათობით, გველი შხამიანი იყო. მრავლობითი ნაკაწრის შემთხვევაში შეიძლება დამშვიდდეთ- თქვენ უვნებელ გველს გადაეყარეთ. ასეთ დროს დეზინფექციის საშუალების გამოყენება დასაშვებია (სპირტით ან წყლით ჩამობანა)

სად რომელი გველი ბინადრობს?

სულ საქართველოში 24 სახეობის გველია, მათგან 8 შხამიანი გველგესლა, რომელთაგან სიცოცხლისთვის სახიფათოა გიურზა, ის ძირითადად კახეთის რეგიონში, ქვემო ქართლსა და თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფერდობებსა და ველებზე გვხვდება. ამ რუკაზე საქართველოში ბინადარ გველებს შეხვდებით.

ჩამოთვლილი გველებიდან 5 მათგანი წითელ ნუსხაშიც არის შეტანილი, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე იშვიათ და გადაშენების პირას მისული სახეობები.

  • კავკასიური გველგესლა
  • დასავლური მახრჩობელა
  • საყელოიანი ეირენისი
  • ხვლიკიჭამია გველი
  • დინიკის გველგესლა

არიან გველები და არიან გველისმაგვარი ხვლიკები (გველხოკერები), რომლებიც ჰერპეტოლოგის თქმით სრულებით უვნებლები არიან. „გველხოკერა თბილისის გარშემო და რეგიონებში ხშირად გვხვდება. არიან უფეხო ხვლიკები და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, არ იკბინებიან. მღრღნელებს ანადგურებს, პატარა ზომის გველებსაც კი ჭამს და სრულებით უვნებელი არსებაა, რაც არ უნდა მოხდეს ის არ გვიკბენს“, – გვიხსნის ექსპერტი.

ყველა გველი საჭიროა და დიდი როლი აქვს ეკოსისტემაში 9გველები ანადგურებენ მავნე მღრღნელებს, რომლებიც აზიანებენ სოფლის მეურნეობა, გარდა ამისა, გველის შხამისგან მზადდება არაერთი მედიკამენტი თუ კოსმეტიკური საშუალება), თუმცა ვისაც ძალიან ეშინია, მათთვის ეს რთული ასახსნელია. ამიტომ ჰერპეტოლოგის აზრით, დისტანციის დაჭერა და გველის მიმართულებით წასვლისგან თავშეკავება უმჯობესია.

ანი ბურდული

რადიო თავისუფლება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close