საზოგადოებასაქართველო

რუსთაველზე აქცია დასრულდა, პოლიცია ცდილობს, უსაფრთხოდ დაატოვებინოს ტერიტორია აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია დასრულებულია, ტერიტორია პარლამენტის წინ, პრაქტიკულად, თავისუფალია, თუმცა ამ დროისთვის ჯერჯერობით ისევ რჩებიან ადგილზე კონტრაქციის წარმომადგენლები და პოლიციის ჯგუფები, რომლებმაც დღეს ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ვითარება უმართავი არ გამხდარიყო.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს 8 საათის შემდეგ ვითარება პერიოდულად იძაბებოდა, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აგრესიული წარმომადგენლები მდუმარე აქციის მიმართულებით  ისროდნენ ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, კვერცხებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა ტერიტორიის დატოვება სამარშუტო ტაქსებით, თუმცა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა, ასევე, „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძე ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს.

„შეთანხმება არის ის, რომ მშვიდობიანად დავტოვოთ ტერიტორია, არავინ აპირებს სამარშუტო ტაქსებით წავიდეს აქედან“, – განაცხადაზურაბ ჯაფარიძემ.

საბოლოო ჯამში მდუმარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორია ფეხით დატოვა, სხვადასხვა ქუჩით, ნაწილი კი სამართალდამცველებმა გაიყვანეს მიკროავტობუსებით.

„პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე სიტუაცია დაარეგულიროს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ორი აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. შესაბამისად, ჩვენ ორივე მხარესთან საუბარი გვქონდა. აქცია დასრულებულია. პირველ რიგში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას“, უთხრა მედიას ვაჟა სირაძემ.

ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს, ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაიყვანოს ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები, რომელთა მიმართ დღესაც იყო აგრესიული დამოკიდებულება კონტრაქციის ჯგუფების მხრიდან, აგრეთვე, ტერიტორია დაატოვებინოს კონტრაქციის წარმომადგენლებს, რომლებმაც პარლამენტის სენობის წინ გადაინაცვლეს. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.

გუშინ განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად, რომლის დროსაც „თბილისი პრაიდის“ ე. წ. „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აგრესიული ქმედებების შედეგად 55 ადამიანი დაშავდა, მათ შიორის, 52 – მედიის წარმომადგენელი, დღეს მდუმარე აქცია დაიგეგმა, რომელიც საღამოს 8 საათზე დაიწყო. აქციას „თბილისი პრაიდიც“ შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებთან ერთად. პარალელურად დაიწყო კონტრაქციაც პირველ სკოლსათან და ქაშუეთის წინ, აგრეთვე, თავისუფლების მოედანზე. აგრესიულმა ჯგუფებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციამ აგრესიული ქმედებებით  გამორჩეული ათობით ადამიანი დააკავა და ტერიტორიიდან გაიყვანა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close