საზოგადოება

მეცნიერთა განცხადებით, სოციალური მედია კაცობრიობას საფრთხეს უქმნის

სხვადასხვა სამეცნიერო დარგის 17 სპეციალისტისგან შემდგარი გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტში მომუშავე კოლეგების ხელმძღვანელობით აცხადებს, რომ სოციალური მედია, კერძოდ კი იქ გავრცელებული დეზინფორმაცია კაცობრიობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის გამოცემაში ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ახალი კვლევის ფარგლებში აღნიშნული საკითხის გარშემო ბიოლოგები, ეკოლოგები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები და ანთროპოლოგები გაერთიანდნენ. მათ სურთ, თავიანთ კოლეგებსა და საზოგადოებას ყურადღება ისეთ გლობალურ პრობლემაზე მიაქცევინონ, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიის უარყოფითი გავლენა ადამიანთა კოლექტიურ ქცევაზე. მათი აზრით, სოციალური მედია დეზინფორმაციის გავრცელების მთავარ სივრცედ იქცა. ამან ხელი შეუშალა, მაგალითად, სამედიცინო ნიღბებისა და კორონავირუსის ვაქცინების ფართოდ გამოყენებას, რადგან კონკრეტულმა ჯგუფებმა ონლაინ პლატფორმებზე მათ წინააღმდეგ სერიოზული ანტიკამპანია მიმართეს. მეცნიერთა თქმით, მსგავსი ტენდენცია პოლიტიკური დაძაბულობის, რასიზმისა თუ ძალადობრივი ექსტრემიზმის წახალისებას იწვევს, რასაც, შესაძლოა, საგანგაშო შედეგები მოჰყვეს.

ნაშრომის ავტორები ამ დასკვნამდე დედამიწაზე მობინადრე ცხოველთა კომპლექსურ სისტემებზე და მათ კოლექტიურ ქცევაზე დაკვირვების გზით მივიდნენ. მათი განცხადებით, ცოცხალი ორგანიზმებისგან შემდგარ ნებისმიერ მსგავს ჯგუფს დაძაბულობის ზღვარი გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ მათზე ზედმეტად იმოქმედებ და წონასწორობას დაურღვევ, ისინი შეიცვლებიან. შედეგად, მათი სოციუმი მოულოდნელად და კატასტროფულად ჩამოიშლება, რისი წინასწარ განსაზღვრაც შეუძლებელია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კაცობრიობას სწორედ ამგვარი რამ ემუქრება.

სპეციალისტები სოციალური მედიის დადებით მხარეებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რადგან ის ბევრ ადამიანს აძლევს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას. ამის მიუხედავად, მათ მიაჩნიათ, რომ კვლევაში აღწერილი პრობლემა ისეთივე „კრიზისულ დისციპლინად“ უნდა მოვიაზროთ, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ცხოველთა სახეობების გადაშენება და სხვა, რაც დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close