fbpx
მოგზაურობაპოლიტიკა

ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან ციფრული კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა

პირველი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიასა და შენგენის ზონაში ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემის მოქმედება დაიწყო. მათი ამოქმედების მიზანი პანდემიის პერიოდში მოგზაურობის გამარტივებაა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სერტიფიკატები სამი ტიპისაა: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი და გადატანილი ინფექციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ, დაავადებისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება PCR-ტესტის დადებითი პასუხის მიღებიდან 11 დღის შემდეგ შეუძლიათ. სერტიფიკატის ვადა 180 დღით განისაზღვრება. ჯერჯერობით არ განიხილება სერტიფიკატის გაცემა ანტისხეულებზე.

სერტიფიკატი მოქმედებს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, აგრეთვე, ლიხტენშტეინში, შვეიცარიაში, ნორვეგიასა და ოსლანდიაში.

სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია როგორც ციფრული, ისე დაბეჭდილი ფორმით. ციფრული ვერსიის გამოსაყენებლად სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვაა საჭირო. სერტიფიკატის მთავარი ელემენტია QR-კოდი, რომელიც მისი ნამდვილობის შესამოწმებლად გამოიყენება. გარდა ამისა, ევროკომისიამ შექმნა პორტალი, რომლის მეშვეობითაც ქვეყნებს QR კოდების ნამდვილობის დასაზუსტებლად ინფორმაციის გაცვლა შეუძლიათ.

სერტიფიკატების გამცემი ორგანო ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია და ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია, რომელ დაწესებულებას მიანიჭებს სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილებას.

სერტიფიკატების მიღების უფლება მესამე ქვეყნის მოქალაქეებსაც ექნებათ, რომლებიც ლეგალურად ჩავლენ ევროკავშირისა და შენგენის ზონის ტერიტორიაზე. ამისათვის აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებული ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ. გარდა ამისა, განიხილება მესამე ქვეყნებში გაცემული სერტიფიკატების აღიარებაც, თუ ისინი ევროკავშირის სისტემასთან თავსებადია.

სერტიფიკატები „ბიოენტექ/ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით აცრილი პირებისთვის გაიცემა. ასევე, სერტიფიკატების გაცემა იგეგმება იმ პირებისთვისაც, რომლებიც აცრილნი არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცებული ვაქცინებით, როგორიცაა: „ასტრაზენეკა ქოვიდშილდი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close