fbpx
საზოგადოება

კახეთში საიდუმლოებით მოცული გველებით სავსე სახლი გაიყიდა – რას უპირებს სახლს ახალი მეპატრონე

წლების წინ ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებ ჯაფოშვილების ოჯახს ვესტუმრე, ინტერვიუსთვის. თემა ის გახლდათ, რომ უამრავი ქვეწარმავალი „სტუმრობდა“ მათ ოჯახს და ეს უცნაური ამბავი წლების მანძილზე, სწორედ მარიამობის დღეს იწყებოდა და ნოემბრამდე გრძელდებოდა…

ვერცხლისფერი გველის ასეთი სახეობა სოფელში სხვაგან არსად შეუნიშნავთ, ისინი მხოლოდ ჯაფოშვილების საცხოვრებელ სახლში იყვნენ. არც ეზოში, არც სახლიდან 10 მეტრის მოშორებით აშენებულ სამზარეულოში არ ბინადრობენ… აღნიშნულ სახლში ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, რომლის გასაჭირის შესახებ მთელმა რაიონმა იცოდა. ისინი ინსტანციიდან ინსტანციაში დადიოდნენ და შველას ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ…

„უკვე ათი წელია, მთელი ოჯახი საშინელ პირობებში ვიმყოფებით. ყოველი მარიამობის დღესასწაულიდან, ნოემბრის ბოლომდე და შემდეგ – ყოველ გაზაფხულზე, მარტიდან ივნისამდე, უამრავი გველის გვერდით ცხოვრება გვიწევს. ვერცხლისფერი გველებია, სხვადასხვა სიგრძის – 10-15 სმ-დან დაწყებული, 2-მეტრიანით დამთავრებული. ყოველდღიურად, 15-20 გველს ვკლავთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც 40 გველიც მოგვიკლავს. მსგავს გველს მთელ სოფელში სხვაგან ვერსად ნახავთ. მინდვრებსა და ბოსტნებში აქა-იქ მეზობლებიც ნახულობენ ქვეწარმავლებს, მაგრამ – თითო-ოროლას, თანაც, სულ სხვა შეფერილობისას. ოთახის ნებისმიერ კუთხეში, ყველა ნივთზე შეხვდებით გველს. ვპოულობთ უამრავ გამონაცვალ კანს… ღამით, ჯერ ვათვალიერებთ ოთახს, შემდეგ ვწვებით დასაძინებლად, მაგრამ შიშისგან ნახევარი ღამე მაინც არ გვძინავს. ქვევით ოთახში კარგად ისმის, როგორ დასრიალებენ სახლის სხვენზე… ვერც გავყიდით სახლს, ვინ იყიდის? ყველამ იცის, რომ აქ გველები ბინადრობენ და ვინ გარისკავს? ზამთარ-ზაფხულ კარ-ფანჯრები ჩარაზული გვაქვს. შარშან ამ კუთხში მიდგმულ კაქტუსზეც კი ვნახეთ შემოხვეული. ამ ზაფხულს კი, შინ მარტო ვიყავი, აივანზე გავედი და შევნიშნე ორი გველი, რომელთაც სახურავიდან თავები ჰქონდათ ჩამოშვებული… პანიკური შიში მაქვს ქვეწარმავლების. დავიწყე ყვირილი, მთელი ტანით ვკანკალებდი. შემოვიდა მეზობელი მამაკაცი, რომელმაც სპეციალური ჯოხით (ასეთი ჯოხი ყველა კუთხეში გვაქვს – წინ ლურსმანი და მახათი აქვს მიმაგრებული) სცადა გველის მოკვლა. ლურსმანი შეურჭო და ჭერზე მიჭყლეტა დააპირა. ამ დროს, ასე ორ მეტრამდე სიგრძის გველი მთელი ტანით გადმოეშვა ძირს და კუდს თვალწინ უტრიალებდა, შემდეგ ზემოდან მოყვითალო-მომწვანო ფერის სითხე გადმოანთხია, როგორც ვვარაუდობთ, შხამი იყო“, – მიამბობდა ოჯახის დიასახლისი.

სოფლის მკვიდრნი ამბობდნენ, რომ როდესაც ამ სახლს აშენებდნენ, საძირკვლის გათხრისას გველის კვერცხები უნახავთ. რჩევაც მიუციათ ოჯახის წევრებისთვის, აქ სახლს ნუ ააშენებთო, – მაგრამ მაინც აუშენებიათ. იმასაც ამბობენ, თითქოს ადრე, ამ ადგილზე საფლავი ყოფილა, განძია ჩამარხული და გველები სწორედ მას დასტრიალებენო…

წლების განმავლობაში არაფერი იცვლებოდა ჯაფოშვილების ოჯახში. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, ცხელი ამინდების დადგომასთან ერთად, წელსაც ხომ არ გამოჩენილან გველები.

გამგებლის წარმომადგენელმა გავაზში, სოფო ბერიაშვილმა გვითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯაფოშვილებს სახლის გაყიდვის იმედი არ ჰქონდათ, როგორც იქნა, გაუყიდიათ, ახალ მფლობელს კი გამოკეტილი აქვს და იქ, სავარაუდოდ, მეურნეობის ან სხვა რამის გაკეთებას გეგმავს.

მარი ჯაფარიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close