საბერძნეთში თითქმის ყველა შეზღუდვა იხსნება, მათ შორის, ნიღბის ტარება ღია სივრცეში, თუმცა…
როგორც ცნობილია, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილის გაუქმების შესახებ. კერძოდ, ღია სივრცეში ნიღბის ტარება ხუთშაბათიდან, დილის 5 საათიდან სავალდებულო აღარ არის.
მიუხედავად ამისა, როგორც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კორონავირუსის საკითხების სამეცნიერო კომისიის წევრმა ალკივიადის ვატოპულოსმა განმარტა, „ნიღაბს ვიხსნით მხოლოდ მაშინ, როდესაც ქუჩაში მარტონი ვართ“. იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დიდი რაოდენობით ადამიანი გადაადგილდება, ნიღაბი კვლავ აუცილებელია.
ვატოპულოსის თქმით, ე. წ. ინდური შტამი ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ვაქცინირებული მოქლაქეები მისგან უფრო დაცულნი არიან, დაავადების შემთხვევაში კი გართულების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. რამდენადაც უფრო სწრაფად ვრცელდება ვირუსი, მოსახლეობის მით უფრო მეტი ნაწილი უნდა აიცრას, რათა საზოგადოებამ იმუნიტეტი გამოიმუშაოს.
უფრო ადრე მოქალაქეთა დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარძალიასმა განაცხადა, რომ:
- ორშაბათიდან, 28 ივნისიდან საბერნეთში ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა – ე. წ. კომენდანტის საათი მოიხსნება.
- სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან 15 დღის შემდეგ – თავიანთ სამუშაო ადგილებზე და სპორტსმენებს – დარბაზებში აღარ ევალებათ სელფტესტირების ჩატარება.
- იცვლება უსაფრთხოების პროტოკოლი რესტორნებსა და საზკვების სხვა ობიექტებში – ერთ მაგიდასთან მსხდომი ადამიანების ლიმიტი 10-მდე იზრდება.
- ღია მოედნებზე ადამიანების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა 300-ით განისაზღვრა.
- რაც შეეხება პლაჟების ექსპლუატაციას, კონტროლირებადი შესასვლელის მქონე პლაჟის ზონებში მაქსიმალური დასაშვები რაოდენობაა 120 ადამიანი ყოველ 1000 კვ.მ-ზე.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები