მსოფლიოსაზოგადოება

მაიამიში შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა 10 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)

12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 159-ს ეძებენ

მაშველები მაიამიში გადარჩენილი ადამიანების ძებნას განაგრძობენ, რომლებიც ხუთშაბათს 12-სართულიანი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყვნენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 4 ადამიანი დაიღუპა, 159 კი დაკარგულად ითვლება. შემთხვევის ადგილზე მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს. აქამდე გაურკვეველია, რა გახდა 40 წლის წინათ აშენებული ნაგებობის ჩამონგრევის მიზეზი.

მაიამი დეიდის ოლქის მერმა დანიელა ლევინ კავამ პარასკევს დილით (მაიამის დროით) განაცხადა, რომ უკვე ნაპოვნია 120 ადამიანი, რომლებიც შენობაში იყვნენ, თუმცა დაკარგულთა რიცხვი 159-მდე გაიზარდა. მანამდე დაკარგულად ითვლებოდა 100-მდე ადამიანი.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში ჩამონგრევის დროს.

ბევრ გადარჩენილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, 2 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები ამწეების საშუალებიც ცდილობენ შენობის მთელ ნაწილში დარჩენილი მაცხოვრებლების ევაკუაციას.

ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივ სამსახურებს საგანგებო სიტუაციების ფედერალური სააგენტო დაეხმარება.

როდესაც დაღამდა, მაშველები ექოლოკატორებს და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს იყენებდნენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების მოსაძებნად. ისინი მთელი ღამე შეუსვენებლივ მუშაობდნენ.

სამაშველო სამსახურების ცნობით, ნანგრევების ქვეშიდან კაკუნი და სხვა ხმები ისმის, თუმცა მაშველებიც საფრთხის ქვეშ არიან, შეიძლება მათ ბეტონის ნანგრევები დაეცეთ, ამიტომ ოპერაცია ძალიან ფრთხილად მიმდინარეობს.

შეუჩერებელი წვიმა და შტორმული ქარი ისედაც რთულ სამაშველო პროცესს კიდევ უფრო აძნელებს.

ადგილობრივი ხელისუფლება დნმ-ის ანალიზს უღებს დაკარგულთა ნათესავებს, რათა ცხედრების აღმოჩენის შემთხვევაში მათი ვინაობის დადგენა შეძლონ.

ჟურნალისტები წერენ, რომ მაშველებმა 10 წლის ბიჭის გადარჩენა შეძლეს. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოზე აღბეჭდილია სასწაულებრივი კადრები, როგორ ამოყავთ მათ პატარა ბიჭი ნანგრევების ქვეშიდან.

 „ეს 11 სექტემბრის ტერაქტს ჰგავდა“, – უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა  CNN-ს. მას მხედველობაში ჰქონდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები, რომლის დროსაც ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი კოშკი ჩამოინგრა.

პოლიციამ ჩამონგრეული შენობის მისამართი დაასახელა: ეს არის 12-სართულიანი Champlain Towers-ი, 8777, კოლინზ-ავენიუზე, 100-ზე მეტი ბინით. ის სანაპიროზე მდებარეობს.

ასე გამოიყურებოდა ეს შენობა გუშინდლამდე

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close