fbpx
მედიცინა

როდის გამოჩნდება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ფარმაცევტულ ბაზარზე

გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ BioNTech-მა კლინიკური ტესტირების მეორე ეტაპის ფარგლებში კანის კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტული პრეპარატით ცდისპირების ვაქცინაცია დაიწყო. კვლევის მიზანი კოდური სახელწოდების BNT111 მქონე ვაქცინის ეფექტიანობის განსაზღვრაა, რომელსაც ცდების დროს მესამე და მეოთხე სტადიის მელანომის სამკურნალოდ Libtayo-ს სახელით ცნობილ მედიკამენტთან ერთად გამოიყენებენ.

აღსანიშნავია, რომ კლინიკური ტესტირების პირველი ეტაპის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, BioNTech-ის წარმომადგენლები საკუთარი პრეპარატის უსაფრთხოებაში უკვე დარწმუნდნენ. გასული წლის ივლისში გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, კვლევაში მონაწილე 89 პაციენტიდან 42-ის შემთხვევაში, რომლებსაც მეტასტაზებიანი მელანომა ჰქონდათ, ვაქცინამ, როგორც დამოუკიდებლად, ისე ანტისხეულებთან anti-PD-1 ერთად კომბინირებული მკურნალობისას CD4+ და CD8+ T უჯრედების გააქტიურებასა და გაფართოებას შეუწყო ხელი. ისინი სპეციფიკური ანტიგენის ამოცნობისა და სიმსივნური უჯრედების განადგურების უნარით ხასიათდებიან.

ამჯერად გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BNT111-ის ეფექტიანობის დადგენას კანის კიბოთი დაავადებულ 120 პაციენტში შეეცდება. ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც BioNTech-ისა და ამერიკული ფარმაცევტული კორპორაციის Pfizer მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსგავსად mRNA ტექნოლოგიას ეყრდნობა, ერთ-ერთი ცდისპირის ორგანიზმში უკვე შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკური ტესტირების მეორე ფაზაში მონაწილეობას ევროკავშირის ქვეყნებში – ესპანეთში, გერმანიაში, იტალიასა და პოლონეთში, ასევე, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ BioNTech მიმდინარე წელს კიდევ ორი, კოდური სახელწოდების BNT113 და BNT122 მქონე ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ კლინიკური ტესტირებები წარმატებით ჩაივლის და მათ მიერ შექმნილ კიბოს საწინააღმდეგო პრეპრარატებს დაახლოებით ხუთ წელიწადში ფარმაცევტულ ბაზარზე ვიხილავთ.

popx.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close