fbpx
კრიმინალისაქართველო

„ბადრი ესებუა საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება“, – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, მის დაკავებაზე მუშაობენ, ვინაიდან ეს „პოლიციის ღირსების საქმეა“.

„…შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა, პირდაპირ გეტყვით. … ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ამდენი ადამიანი აყვანილი ჰყავდა მძევლად, 35 თუ 34 ადამიანი, როგორც მახსოვს, და ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და ამ ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. რატომღაც ჰქონია ხალხს, რომ ჩვენ „არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ?!“ – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, ცნობილია თუ არა სამართალდამცველებისთვის ბადრი ესებუას სავარაუდო ადგილსამყოფელი და რომელ ქვეყანაში იმყოფება იგი, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მას საქართველო არ დაუტოვებია.

„ჩვენი ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა, იმედია სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის. …ეგ [ესებუას ადგილსამყოფელი] რომ გვცოდნოდა, ელემენტარული ლოგიკური თემაა, დავაკავებდით, რა თქმა, უნდა, ხო?“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ გომელაურმა 31 მაისს, პოლიციის დღისადმი მიძღნილ ღონისძიებაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თქვა, რომ იციან, სად არის ესებუა: „ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ… ისვენებს…“ – თქვა მაშინ მინისტრმა.

ბადრი ესებუას ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში ედება ბრალი. თავდამსხმელი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარითაც იყო შეიარაღებული, გასული წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 2 საათზე შეიჭრა ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

სამართალდამცველთა ძალისხმევით, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა თანდათან გაათავისუფლა მძევლების უმეტესობა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მძევლების გათავისუფლების შემდეგ ესებუამ, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ. მოგვიანებით ესებუამ ოთხივე მძევალი გაათავისუფლა და თვითონ გაურკვეველი მიმართულებით გააგრძელა გზა, თან 500 ათასი აშშ დოლარი წაიღო. სამართალდამცველები მას დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

ბადრი ესებუა ზუგდიდის რაიონ სოფელ ალერტკარიდანაა. იგი წარსულში სამხედრო მოსამსახურე იყო და რამდენიმე თვე ავღანეთშიც იმყოფებოდა საერთაშორისო მისიის ფარგლებში.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close