საქართველოში მოიხსნა პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება, კომენდანტის საათი კი პირველი ივლისიდან გაუქმდება
საქართველოში დღეიდან მოიხსნა პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება, გარდა ტრანსპორტის გაჩერებებისა, ბაზრებისა და ბაზრობებისა, სადაც ერთად ბევრი ადამიანის თავმოყრის პირობები იქმნება; ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა კი პირველი ივლისიდან გაუქმდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ღია სივრცეში ტარება, გარდა ტრანსპორტისა და დახურული სივრცეებისა. მეორე – პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი და მესამე – ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღეიდან რესტორნები, მათ შორის – სასტუმროების რესტორნებიც, 24:00 საათამდე იმუშავებენ.
ისევ ძალაში რჩება რეგულაცია, რომლის თანახმადაც, იზოლაციისა და კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ამასთან, პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარის ოდენობით. რადგან დღეიდან პირბადე ღია სივრცეში სავალდებულო აღარ არის, შესაბამისად, ღია სივრცეში პირბადის გარეშე მყოფი მოქალაქეები არ დაჯარიმდებიან.
ღამით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შეზღუდვა საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. 2021 წლის პირველი ივნისიდან კი ე. წ. კომენდანტის საათის მოქმედების ხანგრძლივობა შემცირდა, საღამოს 11 საათიდან დილის ოთხ საათამდე.
ნუცა ყაველაშვილი
p. s. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ღამის გადაადგილების შეზღუდვა 30 ივნისის 23:00 საათიდან აღარ იქნება ძალაში.
კომენტარები