გერმანია 25 ივნისიდან საზღვრებს ხსნის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 25 ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის. ამის შესახებ Reuters-ი წერს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
25 ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ჩასვლა ნებისმიერი მიზნით შეეძლებათ, მათ შორის, როგორც ტურისტებს, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ ვიზიტორი სრულად ვაქცინირებული იყოს და ბოლო აცრა გერმანიის საზღვრის კვეთამდე 14 დღით ადრე ჰქონდეს გაკეთებული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გერმანია მხოლოდ ევროკავშირის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებული ვაქცინებს ცნობს – „ფაიზერ/ბიოენტექის“, „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ პრეპარატებს.
შსს-ში განმარტეს, რომ საზღვრებს ხსნიან ევროკავშირის არაწევრი მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც კორონავირუსის ინფექციის მორიგი აფეთქება არ აღინიშნება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში ე. წ. მწვანე სერტიფიკატები ოფიციალურად პირველი ივლისიდან შემოდის, თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო მათი დანერგვა, მათ შორის, გერმანიამაც. წინა კვირის ხუთშაბათიდან, 10 ივნისიდან გერმანიაში კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ე. წ. CovPass-ის მიღება.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი დამცავი პირბადეების ტარების ვალდებულების მოხსნას უჭერს მხარს, თუმცა ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები