fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

საფრანგეთში კომენდანტის საათი დაგეგმილზე ადრე უქმდება, დღეიდან კი ქუჩაში პირბადის გარეშე გასვლა დაშვებულია

დღეიდან, 17 ივნისიდან საფრანგეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, ხოლო კვირიდან, 20 ივნისიდან კომენდანტის საათი უქმდება.

ამ გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა. მან მოგვიანებით ტვიტერზე პოსტიც გამოაქვეყნა.

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, გარდა ადამიანთა შეჯგუფების ადგილებისა, როგორიცაა: ბაზრობები, რიგები, სტადიონის ტრიბუნები და სხვ.

კომენდანტის საათი კი (Le couvre-feu), რომელიც 23:00-იდან 06:00 საათამდე მოქმედებდა, სრულად მოიხსნება დაგეგმილი 30 ივნისის ნაცვლად 10 დღით ადრე – 20 ივნისიდან.

8-თვიანი შეზღუდვის შემდეგ (გარდა შობის ღამისა), 3 დღეში, კვირიდან ფრანგებს ღამით თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ.

„ქვეყანაში სიტუაცია უფრო და უფრო უმჯობესდება, იმაზე სწრაფად, ვიდრე ვიმედოვნებდი; ნორმალურია, რომ ჩვენს შეზღუდვებს ვაზუსტებთ“, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სტაბილურად კლებას განაგრძობს. ბოლო 7 დღეში საშუალოდ დარეგისტრირდა 3200 ახალი შემთხვევა, რაც ზღვრულ 5000-ზე გაცილებით ნაკლებია.

კასტექსის თქმით, გაუმჯობესდა სიტუაცია საავადმყოფოების დატვირთვის კუთხით: გუშინ, ოთხშაბათს კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზებულია 2000-ზე ნაკლები ადამიანი… თუმცა მან მოუწოდა თანამემამულეებს, აუცილებლად შეინარჩუნონ „სიფრთხილის მაღალი დონე, განსაკუთრებით გიანაში, სადაც ვაქცინაცია დაბალ დონეზე რჩება“.

საფრანგეთში 13 ივნისის მონაცემებით, ერთი დოზით მაინც აცრილია 30 374 473 ადამიანი (46,44 %), სრულად კი (ორივე დოზით) – 13 371 963 (22%-მდე).

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 4 სახის ვაქცინას იყენებენ: „ფაიზერ/ბიოენტექის“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „მოდერნას“ პრეპარატებს.

15 ივნისიდან ევროკავშირში 12-იდან 18 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close