მედიცინა

„შესანიშნავი ამბავი“ – დამტკიცდა ვაქცინების მაღალეფექტიანობა კორონავირუსის ყველა შტამის წინააღმდეგ

„შესანიშნავი ამბავი“ – მეცნიერებმა დაამტკიცეს ვაქცინების მაღალეფექტიანობა კორონავირუსის ყველა ვარინატის წინააღმდეგ“ – ამ სათაურით აქვეყნებს BBC სტატიას ახალი კვლევის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მაღალეფექტიანია ვირუსის ყველა შტამის, მათ შორის, დელტას წინააღმდეგ.

იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის „ინდური“ ვარიანტი (დელტა) უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები და დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის, ვინც ჯერჯერობით ვაქცინის პირველი დოზა მიიღო (ორი რეკომენდებული დოზიდან), აცრა მაინც უზრუნველყოფს როგორც Covid-19-ის მძიმე მიმდინარეობის, ისე ლეტალური შედეგისაგან დაცვის მაღალ (90%-ზე მეტ) დონეს.

ასეთია ინგლისის ეპიდემიოლოგიური სამსახურის – Public Health England-ის მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები. კვლევისას ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა შეისწავლა ქვეყანაში ინფიცირების სტატისტიკა 12 აპრილიდან 4 ივნისის ჩათვლით.

მთლიანობაში ამ არასრული ორი თვის განმავლობაში ვარიანტი დელტა (B.1.617.2) 14 ათასზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა, რომელთა შორის იყვნენ ადრე უკვე აცრილი პაციენტებიც, თუმცა პროფესიული სამედიცინო დახმარება მხოლოდ 166 ინფიცირებულს დასჭირდა, რომელთა უდიდესი უმრავლესობა აცრილი არ იყო.

ანგარიშებმა აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინის ერთი აცრაც კი კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის განვითარების და ჰოსპიტალიზაციის ალბათობას 94%-ით ამცირებს, ხოლო ოქსფორდის ვაქცინა  AstraZeneca-ს ერთი აცრა – 74%-ით. ორი დოზის მიღების შემდეგ კი პრეპარატების ეფექტიანობა, შესაბამისად, 96% და 92% აღმოჩნდა.

მართალია სტატია, რომელიც ერთობლივად დაწერეს ოქსფორდის უნივერსიტეტის, ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ლონდონის სკოლის მეცნიერებმა, ფორმალურად ჯერ არ შეუმოწმებია სამეცნიერო საზოგადოებას და პრეპრინტის სტადიაზეა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ამგვარი ემპირიული მონაცემები ყველაზე საიმედო მტკიცებულებას წარმოადგენს აღნიშნული ვაქცინების ეფექტიანობის დასადასტურებლად, მით უმეტეს, რომ კვლევა მასშტაბური იყო.

კოლექტიური იმუნიტეტი შორს აღარ არის?

Public Health England-ის მთავარმა კონსულტანტმა და ბრიტანეთის ხელისუფლების მრჩეველმა ინფექციური დაავადებების კონტროლის სფეროში პიტერ ინგლიშმა კვლევის შედეგებს „შესანიშნავი ახალი ამბავი“ უწოდა, რომელიც კორონავირუსის დელტა შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობას ამტკიცებს.

ამასთან, მისი თქმით, ვაქცინების ეფექტიანობა ვირუსის წინააღმდეგ მისი მუტაციების ცვლილებების მიუხედავად გასაოცარი არ არის.

„კარგად ვიცით, რომ ვაქცინები მთლიანობაში სწორედ ინფექციის მძიმე მიმდინარეობისგან გვიცავენ, – განმარტავს იგი. – ამის მიუხედავად სასიხარულოა, რომ აცრა ისევე ეფექტიანად უწყობს ხელს პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებას დელტა ვარიანტის შემთხვევაშიც, როგორც ალფა  (B.1.1.7, იგივე „ბრიტანული შტამი“) და ვირუსის სხვა ვარიანტებით ინფიცირებისას. ორიდან ნებისმიერი ამ ვაქცინის (Pfizer და AstraZeneca) ორივე დოზის გაკეთების შემდეგ კოვიდ-19-ის მძიმე მიმდინარეობისგან დაცვა 90%-ს აჭარბებს“.

როგორც პიტერ ინგლიშმა აღნიშნა, ახალი კვლევის შედეგები ამყარებს იმედს, რომ ახლო მომავალში ვაქცინაცია დაგვეხმარება, მივაღწიოთ კოლექტიური იმუნიტეტის ზღურბლს, რამდენადაც არის სხვა სამეცნიერო ნაშრომებიც, რომ ვაქცინაცია კოვიდ-19-ისგან ირიბად იცავს მათაც, ვინც ჯერ ვერ მოასწრო აცრა ან, უბრალოდ, უარს ამბობს მასზე.

საუბარია მასშტაბურ კვლევაზე, რომელიც თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს და ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

საგანგებო ვაქცინაციის კამპანიის მონაცემთა შესწავლის შედეგად, რომელიც ისრაელში ფართოდ დაიწყო ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის პირველ ნახევარში (პირველი სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში 350 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა), კვლევის  ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვაქცინირებულთა რიცხვის ზრდა ვირუსის გავრცელებას 20%-ით ამცირებს ისე, რომ პისიარ ტესტების დადებითი პასუხების რაოდენობა თითქმის ნახევრდება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close