მედიცინა

გამოჩნდა წონაში კლების ახალი პრეპარატი, რომელიც „თამაშის წესებს“ შეცვლის

პირველად ისტორიაში, ადამიანები პრეპარატით დაიკლებენ იმდენს, რამდენიც აქამდე მხოლოდ ქირურგიული ჩარევით იყო შესაძლებელი

წონაში კლების პრეპარატი, რომელმაც სიმსუქნის მკვლევართა აზრით, „თამაშის წესები უნდა შეცვალოს“, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) დაამტკიცა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც სააგენტომ ასეთ პრეპარატს მწვანე შუქი აუნთო.

Wegovy – წონის კონტროლის წამალი, რომელსაც დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ი გამოუშვებს, წონის კლების პირველი პრეპარატია, რომელიც FDA-მ 2014 წლის შემდეგ დაამტკიცა, მაგრამ მთლად ახალი პრეპარატი არ არის.

იგივე წამალი, სახელად სემაგლუტიდი, უკვე დიდი ხანია აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა ბოლო პერიოდში მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ განსხვავებული დოზირებით მიღებისას სემაგლუტიდი ძლიერ და ეფექტიანად თრგუნავს მადასაც.

წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ კვლევაში 2000 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა 16 სხვადასხვა ქვეყნიდან; მკვლევართა ცნობით, ამ პრეპარატით გრძელვადიანმა მკურნალობამ ცდაში მონაწილე ადამიანთა ამ ჯგუფში, საშუალოდ, წონის 15 პროცენტით კლება გამოიწვია.

ზოგმა უფრო მეტიც დაიკლო; ჯგუფის წევრთა 30-მა პროცენტმა სხეულის წონის 20 პროცენტი დაკარგა, რასაც მეცნიერები გამორჩეულ შედეგს უწოდებენ.

„წონის კლების ამ მაჩვენებელთან ახლოსაც ვერ მიდის ვერცერთი სხვა პრეპარატი, თამაშის წესები ნამდვილად იცვლება. პირველად ისტორიაში, ადამიანები პრეპარატით დაიკლებენ იმდენს, რამდენიც აქამდე მხოლოდ ქირურგიული ჩარევით იყო შესაძლებელი“, – ამბობდა მაშინ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სიმსუქნის მკვლევარი რეიჩელ ბეტერჰამი.

ამჯერად საქმეში FDA-ც ჩაერთო. გასულ პარასკევს სააგენტომ განაცხადა, რომ სემაგლუტიდი ქრონიკული წონის მართვის მიზნით დაამტკიცა მსუქანი ან ჭარბწონიანი ზრდასრული ადამიანებისთვის, რომლებსაც ჭარბ წონასთან დაკავშირებული, სულ მცირე, ერთი დაავადება აქვთ (მაგალითად, სისხლის მაღალი წნევა, მე-2 ტიპის დიაბეტი ან ქოლესტერინის მაღალი დონე).

პრეპარატს დანიური კომპანია Novo Nordisk-ი აშშ-ში თვის ბოლოს შეიტანს; ის კვირაში ერთხელ ინიექციის სახით გაკეთდება და ორგანიზმში გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ს (GLP-1) შეიყვანს, რაც მიმღებ ადამიანს სიმაძღრის შეგრძნებას ჰგვრის და, შესაბამისად, მადას უქვეითებს.

მიუხედავად იმისა, რომ Novo Nordisk-ი პრეპარატის ფასს ჯერ არ ასახელებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი თვიური დოზის ფასი დაახლოებით 1300 დოლარი იქნება.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/fda-m-daamtkica

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close