fbpx
იტალიასაზოგადოება

კოვიდინფიცირების 32 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე – იტალია კორონავირუსზე გამარჯვებას ელოდება

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების ინდექსი (Rt) კლებას განაგრძობს. ამის შესახებ ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა სილვიო ბრუზაფერომ განაცხადა.

ამ დროისთვის ეროვნულ დონეზე Rt, საშუალოდ, 0,68-ს შეადგენს, წინა კვირაში კი 0,72 იყო. ზოგადად, როდესაც Rt 1-ზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია უკან იხევს.

„გასულ კვირაში – 24-30 მაისს – იტალიაში ფიქსირდებოდა ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა დღეში 100 ათას სულ მოსახლეზე, რაც 1,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე წინა კვირაში“, – აღნიშნა ბრუზაფერომ.

5 მაისის საღამოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 2436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 კოვიდ-პაციენტი (წინა დღეს – 73). ჩატარდა 238 632 მოლეკულური და ანტიგენის ტესტი და პოზიტიურობის მაჩვენებელი 1% იყო (რაც ნიშნავს, რომ ყოველი 100  ადამიანიდან, რომელსაც ტესტირება ჩაუტარდა, ვირუსით ინფიცირება ერთს დაუდგინდა; გუშინ დადებითობის მაჩვენებელი 1,1%-ს შეადგენდა).

იკლებს ყველა მაჩვენებელი, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული კოვიდპაციენტების დღიური რაოდენობაც.

მთლიანობაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირება 4 230 153 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან დაიღუპა 126 472, გამოჯანმრთელდა 3 908 312 (ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 7200-ით გაიზარდა).

იტალიაში ეპიდემიის უკან დახევის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი ვაქცინაციის წარმატებული კამპანიაა. პარასკევს, 4 ივნისს ქვეყანაში თითქმის 600 ათასი აცრა გაკეთდა (უფრო ზუსტად – 598 510), რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო.

Ansa-ს ინფორმაციით, აქედან  დაახლოებით 444 600-მა ადამიანმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.

5 ივნისის მონაცემებით, იტალიაში ვაქცინის პირველი დოზა მიღებული აქვს 24 331 702 ადამიანს, 12737533 კი სრულადაა აცრილი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 21%-ზე მეტია.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაამტკიცა „ფაიზერ/ბიოენტექის“ ვაქცინის გამოყენება 12-იდან 15 წლამდე მოზარდებში, იტალიაში აცრა 12 წლიდან არის შესაძლებელი. არასრულწლოვანებს აცრას მშობლების თანხმობის შემთხვევაში გაუკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი ივნისიდან იტალიელებს ისევ შეუძლიათ ბარსა თუ რესტორანში შიგნით, შენობაში, დახურულ სივრცეში დასხდნენ სუფრასთან.

ორშაბათიდან, 7 ივნისიდან კი კომენდანტის საათის დაწყების დრო შუაღამემდე, 00:00 სთ-მდე გადაიწევს იტალიის მთელ ტერიტორიაზე, „თეთრი ზონების“ გარდა, სადაც კომენდანტის საათი საერთოდ გაუქმებულია.

ნინო ხოშტარია
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close