საზოგადოება

რატომ უხდის ემიგრანტი ქალი ბოდიშს მეუფე სპირიდონს და რას ჰყვება ნინოწმინდის პანსიონის შესახებ (ვიდეო)

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კურატორობის ქვეშაა, სკანდალის ეპიცენტრშია – ოფიციალური ინფორმაციით, 2016-2021 წლებში დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხი საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებმა სამართალდამცავ ორგანოებს მხოლოდ პანსიონიდან წასვლის შემდეგ მიმართეს.  

პანსიონის გარშემო არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა.

როგორც მაღალიერარქი განმარტავს, სახალხო დამცველი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ამიტომ „ასეთ ქალს“ თავის „ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს“. 

ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ.

ეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს უშვებდნენ.

კოალიციამ „თანასწორობისთვის“, რომელიც 11 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, განაცხადა, რომ ბავშვთა სახლში არსებული ვითარება „საგანგაშოა“ და „სახელმწიფოს დაუყოვნებლივ მკაცრ ჩარევას საჭიროებს“.

ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლების ანგარიშებში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად გამოიკვეთა „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“.

საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, მოვლენების განვითარების კვალდაკვალ, ტელემედიაც ჩაერთო – ნინოწმინდის პანსიონი დღეს ქართული ტელესივრცის ყველაზე ცხელი თემაა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბავშვების პრობლემა პოლიტიკურმა ინტერესებმა და ცალმხრივობამ „შეჭამა“.

მეუფე სპირიდონს ემიგრაციიდან ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღმზრდელი მზეო გოცაძე გამოექომაგა.

„24 წელი მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი იქ, მეუფის სიყვარულმა ჩვენ გვასწავლა ეკლესიის სიყვარული, ღმერთის სიყვარული, მისაბაძი იყო ყველანაირად. მე ვუღალატე მას და წამოვედი საზღვარგარეთ, ვერ გავუძელი ხალხისგან დაუფასებლობას და უმადურობას.

ვერ გავუძელი შემოტევებს, ეს მრავალი წელია ხდება, ტელევიზიები შემოვარდებოდნენ, გაგვლანძღავდნენ, რისი გულისთვის, რომ შრომაში ვიყავით და სხვას ვეხმარებოდით? არ ვიცი, რა ვთქვა, ჩემს სამშობლოს მოწვეტილი ვარ, საქართველოში აღარ მინდოდა ყოფნა, მეუფის დამალულად წამოვედი, იმდენს ნუ გააკეთებენ, რომ საერთოდ აღარ ჩამოვიდე, მაპატიეთ მეუფეო, რომ თქვენს გვერდში არ ვარ“, – ჰყვება ყოფილი აღმზრდელი ვიდეომიმართვაში.

ოფიციალური ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვია, მათგან ყველაზე უმცროსი – 5 წლის.  4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ პანსიონიდან 6 ბავშვი გადაიყვანა, 10 ბავშვის გადაყვანაზე მუშაობა კი მიმდინარეობს.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება პანსიონში ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close