მსოფლიოსაზოგადოება

ვის დარჩა პრინცი ფილიპის £30-მილიონიანი ქონება და რატომ ელოდებიან წყნარი ოკეანის კუნძულელები მის მეორედ მოსვლას

აპრილის დასაწყისში ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინცი ფილიპი დაბადებიდან მეასე წლის თავზე გამოაკლდა. დაკრძალვის ცერემონიიდან დღემდე არ წყდება საუბარი იმის შესახებ, თუ ვის დარჩება მისი ქონება, რომელიც 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

როგორც The Sun-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, ანდერძის თანახმად, ქონების უმეტესი ნაწილი დედოფალ ელისაბედის მფლობელობაში გადავიდა, ვინაიდან ის ფილიპის არაერთ აქტივს მართავდა აქამდეც.

ქონების გარკვეული ნაწილი პრინცი ფილიპის სამ დამხმარესაც ერგო, ვინაიდან ისინი მისი ცხოვრების უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივად მის გვერდით იყვნენ, ისევე როგორც გარდაცვალების დროს, მათ შორის არის პრინცი ფილიპის პირადი მდივანი უილიამ ჰენდერსონიც.

რაც შეეხება სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს, ირკვევა ისიც, რომ შვილიშვილებს შორის ქონება თანაბრად განაწილდება და თავისი წილი პრინც ჰარისაც ერგება.

პრინცი ფილიპის და მთლიანად ბრიტანული გვირგვინის სიმდიდრის მოლოდინშია წყნარი ოკეანის კუნძულ ტანაზე მცხოვრები ტომი. ტანას მოსახლეობის რწმენა პრინცისადმი მის გარდაცვალებას არ შეურყევია. ახლა კუნძულზე სჯერათ, რომ ფილიპი მეორედ მოვა და ბრიტანული გვირგვინის სიმდიდრეს გაუნაწილებს მათ.

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ ტანაზე მცხოვრები ტომის, იაოჰნანენის წარმომადგენლებს  ბრიტანეთის პრინცი ფილიპი ღმერთად მიაჩნიათ.

პრინც ფილიპისადმი მსგავსი დამოკიდებულება კუნძულზე გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა უძველესი ლეგენდის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ვულკანით შობილი თეთრკანიანი მამაკაცი ოკეანის გაღმა გაემგზავრებოდა და იქ ძლევამოსილ ქალს შეირთავდა ცოლად, რის შემდეგაც ისევ კუნძულზე დაბრუნდებოდა.

ტომის წარმომადგენლებმა ლეგენდარულ ღმერთში ფილიპი მაშინ ამოიცნეს, როდესაც პირველად შეხვდნენ ბრიტანელ კოლონისტებს და მონარქიული ოჯახის ფოტოები ნახეს. კუნძულელების რწმენა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დედოფალ ელიზაბეთის მეუღლე ტანას ეწვია 1974 წელს.

როგორც ირკვევა, თავდაპირველად პრინცმა არაფერი იცოდა მისი მოთაყვანე ტომის შესახებ, ხოლო როდესაც ადგილობრივების რწმენის შესახებ აცნობეს, ედინბურგის ჰერცოგმა სახსოვრად თავისი პორტრეტი გაუგზავნა მათ ხელმოწერით. მადლიერების ნიშნად კი იაოჰნანელებისგან ტახებზე სანადირო ხელკეტი მიიღო.

ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 99 წლის ასაკში, 9 აპრილს უინძორის სასახლეში – ბრიტანეთის მონარქების რეზიდენციაში გარდაიცვალა.

ედინბურგის ჰერცოგს 100 წლის იუბილემდე 2 თვე რჩებოდა. პრინცი ფილიპი პრინცესა ელისაბედზე 1947 წელს დაქორწინდა – 5 წლით ადრე, სანამ  დედოფალი გახდებოდა. მისი და ელისაბედის ქორწინება 73 წლის განმავლობაში გაგრძელდა. სამეფო წყვილს 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი ჰყავს.

მომზადებულია sputnik-georgia.com-ის მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close