რას არ გაიგებ/ფაქტებიკულტურა

იტალიელი მხატვრის უჩინარი ქანდაკება აუქციონზე 15 ათას ევროდ გაიყიდა

შესაძლებელია თუ არა, რომ არაფერი, ცარიელი სივრცე – ხელოვნების ნიმუში იყოს? იტალიელი მხატვრის, სალვატორე გარაუს (Salvatore Garau) თქმით, შესაძლებელია… და აშკარაა, რომ იმ ადამიანის აზრითაც, რომელმაც მისი ბოლო ნამუშევარი – უჩინარი ქანდაკება იყიდა. 

მხატვარმა იტალიის ქალაქ სანტა ჯუსტიდან (Santa Giusta) სალვატორე გარაუმ შექმნა არამატერიალური ქანდაკება, თვალისთვის სრულიად უხილავი, სახელწოდებით „მე ვარ“ (“I am”) და თუ ვინმე ეჭვს შეიტანს მის მხატვრულ ღირებულებაში, აზრის შეცვლა მოუწევს, რადგან ქანდაკება იტალიურმა აუქციონის სახლმა Art-Rite-მა 15 ათას ევროდ გაყიდა, – წერს გამოცემა Italy 24 News-ი. ეს აუქციონის სახლი გამორჩეულად თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გაყიდვაზეა  სპეციალიზებული. თავდაპირველად გარაუს უჩინარი ქმნილება 6 ათას ევროდ იყო შეფასებული და საბოლოოდ მისმა ფასმა 12 ათას ევრომდე აიწია (15 ათასამდე – აუქციონის უფლების ჩათვლით).

გარაუს „მე ვარ“ წარმოადგენს სიცარიელეს, ტექნიკურად ცარიელ სივრცეს, რომელიც, „ფაქტობრივად, სკულპტურის ენერგიით არის სავსე“.

ხელოვანის რეკომენდაციაა, „ნამუშევარი“  სპეციალურ ოთახში განთავსდეს წინაღობებისგან თავისუფალ 150X150 სმ-ის ფართობზე, თუმცა სპეციალური განათება და კლიმატ-კონტროლი არ არის საჭირო, რადგან ქანდაკება არამატერიალურია.

მყიდველისთვის ერთადერთი მატერიალური საბუთი მის კუთვნილებაზე არის საგარანტიო ტალონი, რომელიც ნამუშევრის არქივიზაციაზე მეტყველებს. ტალონი ერთადერთი ვიზუალური ელემენტია, რომელიც აუქციონის კატალოგშია წარმოდგენილი, სადაც მატერიალური ნაწარმოების სურათის ადგილას თეთრი სივრცეა დატოვებული.

„ქანდაკება აბსოლუტურად უხილავია, ამიტომ მისი გამეორება ქსელში უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნულია სააუქციონო ლოტის აღწერაში.

სალვატორე გარაუს არამატერიალურ სკულპტურებს (მხატვარმა 5 თებერვალს მილანში, პიაცა დელა სკალაზე უკვე წარმოადგინა თავისი უჩინარი ინსტალაცია „ბუდა განჭვრეტისას“) „აქვს ახალი ისტორიული ფასეულობა და ჩვენი დღეების იდეალურ მეტაფორას წარმოადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ისინი არანაირ მავნე ზეგავლენას არ ახდენენ გარემოზე“, – ნათქვამია ნივთის აღწერაში.

“Buddha in contemplation” in Piazza della Scala in Milan

„აუქციონის წარმატებით დასრულება მოწმობს უდავო ფაქტს, – აკეთებს კომენტარს გარაუ, – რომ სიცარიელე – სხვა არაფერია, თუ არა სივრცე, სავსე ენერგიით და თუ ჩვენ დავაცარიელებთ მას და არაფერი დარჩება, გეიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპის თანახმად, არაფერს აქვს წონა. შესაბამისად, მას აქვს ენერგია, რომელიც კონდენსირდება და ნაწილაკებად გადაიქცევა, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენად. როდესაც მე გადავწყვეტ, რომ არამატერიალური ქანდაკება მოცემულ სივრცეში დავდგა, ამ სივრცეში, გარკვეულ წერტილში კონცენტრირდება გარკვეული რაოდენობა და სიმკვირვე აზრებისა, რომელიც ქმნის სკულპტურას და ის ჩემ მიერ არჩეული სახელწოდების შესაბამისად სრულიად  განსხვავებულ ფორმებს იღებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ ვაძლევთ ფორმას ღმერთს, რომელიც არასდროს გვინახავს?“

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close