მედიცინა

ევროკავშირში 12-იდან 15 წლამდე ასაკის მოზარდების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაუშვეს

ევროკავშირში 12-იდან 15 წლამდე მოზარდების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაუშვეს. ავტორიზაცია ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 28 მაისს გასცა. დღემდე ევროკავშირის ქვეყნებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება მხოლოდ 16 წელს მიღწეული ადამიანებისთვის იყო დაშვებული. ინფორმაციას Le Monde-ი ავრცელებს

სააგენტოს ინფორმაციით, ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში 12-იდან 15 წლამდე ასაკის 2260 მოზარდი მონაწილეობდა, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ ჰქონდათ. 1005 ბავშვიდან, რომლებსაც აცრა ჩაუტარდათ, COVID-19-ით არცერთი არ დაავადებულა. EMA-ს განცხადებით, „ეს ნიშნავს, რომ ამ კვლევისას ვაქცინის ეფექტიანობა 100%-იანი იყო“.

რაც შეეხება 978 მოზარდს, რომლებმაც კლინიკური ექსპერიმენტის  ფარგლებში პლაცებო მიიღეს ვაქცინის ნაცვლად, მათგან 16 დაინფიცრდა კორონავირუსით.

ვაქცინას მოზარდები „კარგად იტანენ“ და არ არსებობს „სერიოზული საფრთხეები“ შესაძლო გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით, განაცხადა პრესკონფერენციაზე ევროპის წამლის სააგენტოს ვაქცინაციის სტრატეგიის ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ის და BioNTech-ის ერთობლივი ვაქცინით 12-15 წლის ასაკის მოზარდების აცრა ევროკავშირამდე კანადამ და აშშ-მა დაუშვეს 5 და 10 მაისს, შესაბამისად.

ამ მიზნით განაცხადი „მოდერნამაც“ შეიტანა. კომპანიამ განაცხადა, რომ მათი ვაქცინა, რომელიც იმავე (mRNA) ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომელზეც  „ფაიზერი“, 12-იდან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში ჩატარებული მრავალმხრივი კლინიკური კვლევის თანახმად, მაღალეფექტიანი და უსაფრთხო აღმოჩნდა.

Moderna-ს ბოსი სტეფან ბანსელი Journal du dimanche-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანია თავისი ვაქცინის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 12-17 წლის ასაკის მოზარდების აცრისთვის რეგისტრაციის განაცხადს  ევროკავშირში ივნისის დასაწყისში შეიტანს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close