fbpx
საზოგადოებასაქართველო

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს

მათი თქმით, პროტესტის ეს ფორმა მერიასთან შეთანხმებულია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვების გაშლა დაიწყეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი კარვებში აპირებს დარჩენას.

„ბევრი ადამიანი სხვადასხვა რეგიონიდან უერთდება პროტესტს, ბევრი ადამიანია ჩამოსული, ისინი რჩებიან და ღამეს ათევენ. შეძლებისდაგვარად ნორმალურად რომ გაათენონ ღამე, მათთვის არის ეს კარვები, სადაც მოისვენებენ. რამდენი ხანი იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, ხელისუფლება როგორ შეხვდება იმ მოთხოვნებს, რომლებიც გააჟღერეს რიონის ხეობის მცველებმა“, – განაცხადა აქციის მონაწილე საბა კვანტრიშვილმა.

მისივე თქმით, რესპუბლიკის მოედანზე დაახლოებით 50 კარავი განთავსდება.

კითხვაზე: „გეგმავთ სავალი გზის გადაკეტვას?“ – აქციის მონაწილე პასუხობს, რომ პროტესტის ეს ფორმა მერიასთან შეთანხმებულია: „დიახ, ეს შეთანხმებულია მერიასთან. დაახლოებით, 50-მდე კარავი იქნება, შეიძლება, მოემატოს. მერიასთან შეთანხმებულია პროტესტის მსგავსი ფორმა“.

აქციის მონაწილეები საკუთარ  მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

როგორც ამბობენ, ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე აძლევენ დროს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

რაც შეეხება მოთხოვნებს, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული.

მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პასუხი უნდა აგოს გიორგი გახარიამაც, „რომლის ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით“.

აქციის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close