იტალიასაზოგადოება

იტალიაში ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნაზე საუბრობენ; Rt ისევ იკლებს, მთელი ქვეყანა „ყვითელ ზონაშია“

იტალიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ბოლო კვირების განმავლობაში სტაბილურად უმჯობესდება – კორონავირუსული ინფექციის ტრანსმისიის ინდექსი RT ისევ შემცირდა და ამჟამად ეროვნულ დონეზე, საშუალოდ, 0,78-ს შეადგენს (წინა კვირაში 0,86 იყო); ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეს მაჩვენებელი ყველა რეგიონში 1-ზე ნაკლებია. ამის შესახებ „ანსა“ წერს. 

მცირდება დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობაც და მთელი ქვეყნის მასშტაბით 7 დღის განმავლობაში, საშუალოდ, 66-ს უდრის 100 000 მაცხოვრებელზე გაანგარიშებით (წინა კვირაში – 96 იყო). ამ მონაცემებს კონტროლის კაბინეტი სწავლობს და დეტალურ ანალიზს დღის მეორე ნახევარში წარმოადგენს.

კარგი ფაქტია ისიც, რომ ამ კვირაში არცერთ რეგიონსა თუ ავტონომიურ პროვინციაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ან სამედიცინო ზონებში საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს (30%) არ აღემატება (ქვეყნის მასშტაბით, საშუალოდ, 19%-ია). ამასთან, ჰოსპიტალიზებული ადამიანების რაოდენობაც 2056-იდან (11 მაისი) 1689-მდე შემცირდა (18 მაისი) და კლებას განაგრძობს.

დღეისათვის იტალიის ყველა რეგიონი და ავტონომიური პროვინცია კლასიფიცირდება, როგორც ინფექციის გავრცელების დაბალი რისკი ზონა, მხოლოდ ავტონომიურ პროვინცია ბოლცანოში არსებობს შედარებით მაღალი საფრთხე.

„დღევანდელი მონიტორინგიდან გამომდინარე, მთელი იტალია იქნება ყვითელი ზონა. ეს მიღებული ზომების, ადამიანთა დიდი ნაწილის სათანადო მოქცევისა და ვაქცინაციის კამპანიის შედეგია. ჩვენ მტკიცედ ვაგრძელებთ ამ გზით სიარულს, ყურადღებით და თანმიმდევრულად“, – დაწერა ფეისბუქში იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ.

ხუთშაბათს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრეა კოსტამ განაცხადა, რომ ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულება მოხსნა აგვისტოში გახდება შესაძლებელი, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების შესაბამისად. AGI-სთან ინტერვიუში იგი ამბობს, ამაში დარწმუნებულია და მისი შეფასება გათვლებს ემყარება. კოსტას თქმით, ამისთვის აუცილებელია, შენარჩუნდეს ვაქცინაციის ამჟამინდელი ტემპები – 500 ათასი აცრა დღეში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close