მსოფლიოპოლიტიკა

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელი და ორი პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ შეთანხმდნენ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში 21 მარტს, ისრაელის დროით ღამის 2 საათზე შევიდა.

მოლაპარაკების პროცესში ჩართულები იყვნენ მსოფლიოს წამყვანი დიპლომატები. მხარეებს შორის მედიატორის როლს ეგვიპტე ასრულებდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ ისრაელის უშიშროების კაბინეტმა რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

BBC-ს ცნობით, ისრაელთან ზავის დადების გადაწყვეტილება „ჰამასის“ წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის მიმდინარე 11-დღიანი შეირაღებული კონფლიქტის განმავლობაში პალესტინელებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ისრაელის თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტების 90% გაანადგურეს. დაიღუპა 12 ადამიანი.

ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო საჰაერო დარტყმებმა, სულ ცოტა, 232 პალესტინელი იმსხვერპლა, მათ შორის, 100-მდე ქალი და ბავშვი.

ისრაელში საქართველოს საელჩომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა.

„გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში ისრაელის დროით 02:00 საათზე შევა. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close