იტალიაში 23 წლის სტუდენტ გოგონას ერთბაშად 4 დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს
იტალიაში 23 წლის სტუდენტ გოგონას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერის“ 4 დოზა ერთბაშად გაუკეთეს. ამის შესახებ გამოცემა tg24.sky.it წერს. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდენტ გოგონას ვაქცინის 6 დოზა გაუკეთეს ერთ ჯერზე.
შემთხვევა ქალაქ მასა კარარას (ტოსკანის რეგიონი) სამოქალაქო საავადმყოფოში კვირას, 9 მაისს დილით მოხდა. კლინიკური ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული საავადმყოფოში სტაჟირებას გადიოდა და აცრა მოუწია. მედპერსონალმა მაშინვე შენიშნა შეცდომა და ახალგაზრდა ქალისთვის სიმართლე არ დაუმალავთ.
„კორიერე დელა სერა“ 23 წლის ვირჯინიას მონაყოლს აქვეყნებს: „ექიმები ძალიან აღელვებულები იყვნენ და ეგრევე მივხვდი, რომ რაღაც ისე არ გაკეთდა. მათ მაშინვე სიმართლე მითხრეს, მაგრამ არ იციან, ამას რა შედეგი მოჰყვება“, – თქვა ახალგაზრდა სტაჟიორმა. – „თავი ამტკივდა, ძლიერი დაღლილობა ვიგრძენი და გვარიანად შევშინდი. თუმცა ცოცხალი ვარ“.
მან დედას დაურეკა და უთხრა, რაც მოხდა. „დედა ექიმს დაელაპარაკა და ცოტა დამშვიდდა“.
აცრის შემდეგ, მისი თქმით, ერთადგილიან პალატაში მოათავსეს ფსიქოლოგთან ერთად, რომელიც ძალიან დაეხმარა. „შემდეგ დაიწყო მონიტორინგი. რაღაც წამლები მომცეს, ვფიქრობ, ტაკიპირინი, შემდეგ უკვე რეაქციაც დამეწყო – თავის ტკივილი, სისუსტე და ცოტა ამაკანკალა.
ახლა დაღლილობას ვგრძნობ, დაძაბული ვარ. ძალიან მტკივა აცრის ადგილი, მთელი ხელი და, რა თქმა უნდა, მეშინია. ახლა უნდა ვნახოთ, რა მოხდება, მსგავს შემთხვევებზე ლიტერატურა არ არსებობს (სინამდვილეში მსგავსი შემთხვევა ერთხელ უკვე მოხდა გერმანიაში, გასული წლის დეკემბერში, როდესაც 8 სანიტარს შეცდომით 5-5 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა გაუკეთეს. მათ შემთხვევაში რაიმე სერიოზული გართულებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა – რედ.)“.
ვირჯინია ჩივილს არ აპირებს, რადგან ამბობს, რომ რაც მოხდა, შემთხვევით მოხდა და მისთვის განზრახ ცუდის გაკეთება არავის უნდოდა, თუმცა თუ შემდგომში რაიმე პრობლემები შეექმნება, სასამართლოს მაინც მიმართავს: „არ დავიწყებ სამართლებრივ დავას, დედაც ამ აზრზეა, მაგრამ მომავალში თუ სერიოზული პრობლემები შემექმნება, ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი სასამართლოში. ჩემი მოთმინება მხოლოდ ექთანზე ვრცელდება ან მასზე, ვისაც შეეშალა, მაგრამ არა სტრუქტურაზე, რომელმაც ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას მარცხი“.
ვირჯინიამ კარეჯის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის (ფლორენცია) იმუნოლოგიის განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ 24 საათი გაატარა და ახლა უკვე სახლშია.
„კორიერე დელა სერა“ წერდა, რომ ვაქცინა საავადმყოფოს ამპულებით მიაწოდეს და თითო ამპულაში 6 დოზა თავსდება. გოგონას მთელი ამპულა პრეპარატი შეუყვანეს. როგორც შემდგომი მოკვლევისას გაირკვა, ამპულაში კიდევ იყო დარჩენილი 0,15 მლ პრეპარატი, მთლიანობაში კი ვაქცინა 0,45 მლ-ს შეიცავს, რაც ექვსი დოზაა. გოგონას 0,30 მლ გაუკეთეს ერთდროულად ანუ 4 დოზა.
#Massa: sono 4 le dosi di vaccino iniettate alla giovane tirocinante
👉 Per saperne di più: https://t.co/3FuB1PX9Ny pic.twitter.com/FkYJDK3jwh
— usltoscananordovest (@uslnordovest) May 11, 2021
Pfizer Italia-ს სამედიცინო დირექტორი ვალერია მარინო (Valeria Marino) ვარაუდობს, რომ „არაფერი სერიოზული არ მოხდება… დაკვირვება გააგრძელეთ და 21 დღის შემდეგ შეგვეხმიანეთ“, – ურჩევს ის ექიმებს. მისივე ინფორმაციით, „ამ დროისთვის გოგონა ნორმალურად გრძნობს თავს, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მას 4 დოზა პრეპარატი შეუყვანეს, რადგან „ფაიზერმა“ ზედოზირების კვლევები 4 დოზაზე ჩაატარა და ექსპერიმენტის დროს რაიმე განსაკუთრებული გართულებები არ დაფიქსირებულა. თუ 6 დოზას გაუკეთებდნენ, როგორც თავიდან ეგონათ, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა მსოფლიოში“.
ზოგიერთი ექიმის ვარაუდით, 6 დოზის შემთხვევაში შესაძლოა ვაქცინამ, უბრალოდ, არ იმუშაოს და ანტისხეულები არ გამომუშავდეს, ყველანაირი ეფექტი დაიკარგოს.
იმედია, ვირჯინიას შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები