მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კოვიდგადატანილი ან სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის პრივილეგიების შემოღებას

ახლა ჯერი ბუნდესრატზეა, რომლის თანხმობის შემთხვევაში ახალი წესები, სავარაუდოდ, უკვე 9 მაისიდან შევა ძალაში

გერმანიის ბუნდესტაგმა ხუთშაბათს, 6 მაისს მხარი დაუჭირა მთავრობის განკარგულებას იმ მოქალაქეების პრივილეგიების შესახებ, რომლებმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარეს ან დაავადება გადაიტანეს.

კერძოდ, იგეგმება, რომ ამ ადამიანებისთვის გაუქმდება კომენდანტის საათის მოქმედება, შეზღუდვები სოციალურ კონტაქტებზე, აგრეთვე, მოიხსნება ექსპრესტესტის ჩატარების ვალდებულება მაღაზიების, მუზეუმების ან საპარიკმახეროების სტუმრობისთვის. ამასთან, აცრილები ან კოვიდგადატანილები ნიღბის ტარების და სხვა ადამიანების მიმართ 1-2 მეტრის დისტანციის დაცვის ვალდებულებისგან არ თავისუფლდებიან.

დოკუმენტი გერმანიის მთავრობამ 4 მაისს მიიღო. ახლა ის ბუნდესრატმა (ფედერალური მიწების წარმომადგენლობა) უნდა დაამტკიცოს, სადაც მთავრობის განკარგულებასთან დაკავშირებით კენჭისყრა 7 მაისს გაიმართება. თუ ბუნდესრატი დოკუმენტს დაამტკიცებს, მაშინ შესაძლებელია ახალი წესები უკვე 9 მაისიდან შევიდეს ძალაში, როგორც ცოტა ხნის წინ განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

„საავარიო მუხრუჭი“ მთელი ქვეყნისთვის

აპრილის ბოლოს გერმანიამ  მიიღო შესწორებები კანონში „ინფექციური დაავადებებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ“ (Infektionsschutzgesetz, IfSG), რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნისთვის საერთო წესებს კორონავირუსთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით („საავარიო მუხრუჭი“). მთელ გერმანიაში იმ ქალაქებისა და ოლქებისთვის, სადაც ინფიცირების დონე მაღალია, გათვალისწინებულია ღამის კომენდანტის საათი, სკოლების დახურვა და მაღაზიების მუშაობის უფრო მკაცრი შეზღუდვები.

გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა თითქმის 22 ათასით გაიზარდა და მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 3,47 მლნ-ს გადააჭარბა. მინიმუმ ერთი დოზით ქვეყანაში აცრილია 25,4 მლნ მოქალაქე (ანუ ზრდასრული მოსახლეობის 30,6%).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close