იტალიაკრიმინალი

იტალიასა და გერმანიაში „ნდრანგეტას“ 31 წევრი დააკავეს – რა არის ცნობილი ამ კალაბრიული მაფიის შესახებ

იტალიურ-გერმანული ერთობლივი საპოლიციო ოპერაციის ფარგლებში, იტალიური (კალაბრიული) დანაშაულებრივი სინდიკატის, „ნდრანგეტას“ 31 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ნარკოტიკებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება  და კორუფცია ედებათ ბრალად. ოპერაცია ევროპოლის მხარდაჭერით ჩატარდა.

გერმანიაში რეიდი მოეწყო 46 საწარმოში ბადენ-ვიურტემბერგის, ბავარიის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის და ჰესენის ფედერალურ მიწებზე.

„ფრანსპრესის“ ცნობით, დაკავების 3 ორდერიდან გერმანულმა პოლიციამ მხოლოდ ერთი გამოიყენა წარმატებით.

ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილებს ნიდერლანდებიდან იტალიაში უკანონოდ გადაჰქონდათ ასობით კილოგრამი კოკაინი.

ასევე, გამოვლენილია „ნდრანგეტასთან“ დაკავშირებული ჯგუფი, რომლის 65 წევრი ეჭვმიტანილია იტალიას, ნიდერლანდებს, გერმანიასა და ესპანეთს შორის კოკაინით ვაჭრობაში, თუმცა ისინი დაკავებულები არ არიან.

იტალიაში გამოძიება, ძირითადად, ფულის გათეთრების მაქინაციების გამოვლენის კუთხით მიმდინარეობდა. გაშიფრულია დაჯგუფების მიერ სასტუმრო კომპანიების გამოყენების სქემები. გერმანიაში კი სამართალდამცველების ინტერესის სფერო ნარკოტიკებით ვაჭრობა და გადასახადებისგან თავის არიდება იყო.

სამართალდამცველებმა ასობით ათასი ევრო, იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.

ევროპოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით  ჩატარებულ ერთობლივ ოპერაციაში ორივე ქვეყნის 800-მდე სამართალდამცველი და საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლი მონაწილეობდა.

რა არის ცნობილი „ნდრანგეტას“ შესახებ

„ნდრანგეტას“ სტრუქტურა

მეოცე საუკუნის დასაწყისში იტალიის სამხრეთში, კალაბრიის რეგიონში წარმოქმნილი კრიმინალური დაჯგუფება თავიდან კალაბრიული მაფიის სახელით იყო ცნობილი. ამ დაჯგუფების ფორმალური სახელწოდების წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, ერთ-ერთის ავტორს, ლინგვისტ პაოლო მარტინოს მის ფუძედ ბერძნული სიტყვა andragathos-ი მიაჩნია, რომელიც რეჯო კალაბრიის კომუნა ბოვის (Bova) ზონაში იყო გავრცელებული და რომელიც თარგმანში გაბედულ და მამაც ადამიანს ნიშნავს.

პირველად „ნდრანგეტა“  2007 წელს ახსენეს, როცა კალაბრიელმა ქილერმა გერმანიაში 6 ადამიანი ისე მოკლა, რომ სამხილები არ დაუტოვებია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს სისხლიანი შურისძიება იყო.

„ნდრანგეტა“ მსოფლიო კრიმინალურ სცენაზე შედარებით ახალი მოთამაშეა, შესაბამისად, ჯგუფის ცნობადობა მსოფლიოში ისე მაღალი არ არის, როგორც სიცილიური „კოზა ნოსტრასი“. „ნდრანგეტა“ დაახლოებით იმ ტიპის საქმიანობაშია ჩართული, რაშიც მათი კოლეგები ნეაპოლური „კამორადან“, თუმცა ჯგუფმა სახელი საერთაშორისო კონტაქტების შექმნით გაითქვა.

სწორედ კალაბლიური მაფიის წევრებმა მოახერხეს ლათინოამერიკულ ნარკოკარტელებთან საქმიანი, პროდუქტიული ურთიერთობების დამყარება. ამ დროისთვის „ნდრანგეტა“ ტრანსატლანტიკურ ნარკოტრაფიკს თითქმის სრულად აკონტროლებს. ის ევროპაში კოკაინის შეტანის მონოპოლისტია.

„ნდრანგეტას“ წლიური შემოსავალი საშუალოდ 4 მილიარდი დოლარია (აღსანიშნავია, რომ ბრიტანული წყაროების შეფასებით, 2013 წელს მთლიანად მაფიის შემოსავალმა 116 მლრდ ფუნტი შეადგინა).

მიუხედავად ამისა, შემოსავლის მასშტაბებით კალაბრიული მაფია კვლავ ჩამორჩება ნეაპოლურ „კამორას“, თუმცა კალაბრიული სინდიკატის გავლენა და შესაძლებლობები ბოლო წლებში განსაკუთრებით სწრაფად იზრდება.

პროფესიონალები მიიჩნევენ, რომ „ნდრანგეტა“ დღეს ყველაზე სახიფათოა მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის, რადგან მან მთელ მსოფლიოში გაიდგა ფესვები.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი – რომის პაპმა ფრანცისკემ კალაბრიული „ნდრაგენტა“ შეაჩვენა და ეკლესიიდან განკვეთა – პირველად 2014 წელს, სწორედ კალაბრიაში ვიზიტის დროს. მაშინ 200 ათასი მორწმუნის წინაშე პაპმა თქვა: „ბანდიტები არიან ისინი, ვინც საკუთარ ცხოვრებაში ბოროტების გზა აირჩია და ღმერთთან არ ურთიერთობს. ისინი განკვეთილები არიან“.  2015 წელს კი პაპმა ისევ გააკეთა განცხადება იტალიის სამხრეთის მაფიოზური დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ და მოუწოდა მათ, შეწყვიტონ ბოროტების მსახურება და სიკეთის მსახურება აირჩიონ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close