იტალიაპოლიტიკა

იტალია: კუნძული კაპრი კორონავირუსისგან თავისუფალი ზონა იქნება

ვალე დ'აოსტა „წითელი ზონა“ ხდება, სარდინია - „ნარინჯისფერი“

იტალიაში კორონავირუსით ახალი ინფიცირებულების საშუალო ასაკი 42 წლამდე შემცირდა. ამის შესახებ პარასკევს, 30 აპრილს ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა სილვიო ბრუზაფერომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანამდე, მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში ეპიდემიის საკითხებში მთავრობის კომისარმა ფრანჩესკო ფილუილომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესამჩნევად შემცირდა ეპიდემიის მსხვერპლთა საშუალო ასაკი – 65 წლამდე, მაშინ როდესაც პირველი ტალღის დროს ეს მაჩვენებელი 80 წელი იყო.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში 30 აპრილს განაცხადეს, რომ ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევების 91.6% ბრიტანული შტამითაა გამოწვეული. ზოგიერთ რეგიონში ეს მაჩვენებელი 100%-საც აღწევს. „მეორე ადგილს“ იკავებს ბრაზილიური შტამი (4,5%).

ამასთან, რომის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის – „სპალანცანის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ფრანჩესკო ვაიამ განმარტა, რომ კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან არ გამოირჩევა გამოწვეული დაავადების სიმძიმით და განსაკუთრებული სიკვდილინობით. მისი თქმით, არ არის საჭირო მოსახლეობის დაპანიკება სხვადასხვანაირი შტამებით; ჩვენ უნდა ვებრძოლოთ კორონავირუსს და შტამებს მეცნიერები გამოიკვლევენ.

აღსანიშნავია, რომ 29 აპრილს იტალიამ პირველად შეძლო ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის ნახევარ მილიონამდე გაზრდა. ამის შესახებ 30 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ განაცხადა. მინისტრის თქმით, 29 აპრილს, 24 საათის განმავლობაში 508 ათასი ადამიანი აიცრა.

იტალიაში ვაქცინის პირველი და მეორე დოზა უკვე მიიღო 5 833 485-მა ადამიანმა, რაც მოსახლეობის 9,69%-ია.

კამპანიის რეგიონის პრეზიდენტმა ვინჩენცო დე ლუკამ განაცხადა, რომ მომავალ კვირაში, 3-იდან 9 მაისამდე კუნძულ კაპრის ყველა მცხოვრები და იქ მუდმივად მომუშავე ყველა ადამიანი აიცრება კოვიდზე, ერთი კვირის შემდეგ კი ვაქცინაციის კამპანია კუნძულ ისკიაზეც ჩატარდება. ასე რომ, ორივე კუნძული აპირებს, კორონავირუსისგან თავისუფალი ზონა გახდეს..

და კიდევ ერთი ინფორმაცია: ორშაბთიდან, 3 მაისიდან სარდინიის „წითელი ზონის“ სტატუსი „ნარინჯისფრით“ შეიცვლება, ვალე დ’აოსტა კი – პირიქით, „წითელ ზონაში“ გადავა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close