თვეების მანძილზე გაგრძელებული ლოქდაუნის შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას France24 ავრცელებს. პრეზიდენტმა მაკრონმა რეგიონულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის 4-ეტაპიან გეგმაზე ისაუბრა, რომელიც 3 მაისიდან დაიწყება და 30 ივნისამდე გაგრძელდება.
3 მაისიდან მოიხსნება შიდა გადაადგილებაზე შეზღუდვა, თუმცა კომენდანტის საათი ისევ საღამოს 7-ზე დაიწყება (ადგილობრივი დროით).
19 მაისიდან კი კომენდანტის საათის რეჟიმი (Le couvre-feu) შემსუბუქდება და გადაადგილება შეზღუდული იქნება 21:00 საათიდან, ხოლო 23 ივნისიდან – 23:00 საათიდან, 30 ივნისს კი კომენდანტის საათი საერთოდ გაუქმდება.
19 მაისიდან კაფე-ბარებსა და რესტორნებს შესაძლებლობა ექნებათ, ღია სივრცეში მოემსახურონ კლიენტებს, მაქსიმუმ 6 ადამიანს ერთ მაგიდასთან.
19 მაისიდან გაიხსნება მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები და სპორტული ცენტრები, მაქსიმუმ 800 ადამიანის დასწრებით დახურულ სივრცეში და 1000 ადამიანის – ღია სივრცეში.
ისევ შეზღუდულია კერძო შეკრებების მონაწილეთა რაოდენობა – მაქსიმუმ 10 ადამიანი. ხელისუფლება რეკომენდაციას უწევს სახლიდან მუშაობას, როცა ეს შესაძლებელია.
უცხოელი ტურისტები, რომელთაც სპეციალური ჯანმრთელობის საშვი ექნებათ, 9 ივნისიდან შეძლებენ საფრანგეთში ვიზიტს.
მედიის ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა უფრო მეტია, ვიდრე წინა ორი ლოქდაუნისას, თუმცა მაკრონი ადგილობრივი ბიზნესისა და საზოგადოების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიეღო.
ნინო ხოშტარია
კომენტარები