fbpx
საზოგადოებასაქართველო

მეორე ქართველი მილიარდერი გამოჩნდა FORBES-ის სიაში

Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეორე ქართველი მილიარდერი გამოჩნდა. ის 45 წლის მიხეილ ლომთაძეა, ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi-ს წილის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი.

მიხეილ ლომთაძე $3.7 მილიარდით Forbes-ის სიაში ამ დროისთვის 828-ე პოზიციას იკავებს. ბიძინა ივანიშვილი $4.8 მილიარდით 602-ე ადგილზეა.

2020 წლის დეკემბერში მიხეილ ლომთაძემ მეათე ადგილი დაიკავა ყაზახეთის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების რეიტინგში.

მიხეილ ლომთაძე ბათუმშია დაბადებული 1975 წლის 17 ოქტომბერს.

მას მიღებული აქვს BBA ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი) მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში (საქართველო) 1997 წელს და MBA ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი) ჰარვარდის ბიზნესსკოლაში( Harvard Business School) 2002 წელს.

forbes.ge-ს ინფორმაციით, მიხეილ ლომთაძემ ბიზნესსაქმიანობა საქართველოში დაიწყო და 1995 წელს აუდიტორული ფირმა „ჯი-სი-ჯი აუდიტი” დააფუძნა, რამდენიმე წლის შემდეგ ეს კომპანია Ernst&Young-ის ჯგუფის ნაწილი გახდა.

2002 წლიდან მიხეილ ლომთაძემ მაიკლ ქალვის Baring Vostok Capital Partners-ის საინვესტიციო მენეჯერის პოსტი დაიკავა და 2004 წლიდან მისი პარტნიორიც გახდა. შემდგომში იგი Baring Vostok Capital Partners-ი Kaspi ბანკის ერთ-ერთი წამყვანი აქციონერი და ინვესტორიც ხდება.

მიხეილ ლომთაძე ამბობს, რომ ის ყაზახეთში სწორედ Baring Vostok Capital Partners-ის მეშვეობით აღმოჩნდა, რომელმაც ინვესტიცია მაშინდელ Банк Каспийский-ში განახორციელა.

„ეს იყო ჩემი, როგორც Baring Vostok-ის პარტნიორის ინვესტიცია. ჩემი ყოფილი კურსელი ჰარვარდიდან ბანკში მუშაობდა და შემომთავაზა, ინვესტირებით დავინტერესებულიყავი. ყაზახეთში გავემგზავრე და ეს იყო „ერთი ნახვით სიყვარული“ ან შეიძლება ითქვას, პარტნიორობა პირველივე ნახვიდან.

Baring Vostok-მა ინვესტიცია ყაზახეთში 2006 წელს განახორციელა. შემდეგ დაიწყო 2007 წლის კრიზისი და ყველაფერი ცუდად წავიდა. მკვეთრი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ Kaspi-ის აღმასრულებელი დირექტორი გავხდებოდი. აქამდე, ჩემი დიდი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, არაფრით ვუკავშირდებოდი საბანკო სფეროს. საქართველოში მე აუდიტორული კომპანია შევქმენი პარტნიორებთან ერთად, რომელიც დღეს Ernst&Young-ის ნაწილია. შემდეგ ჰარვარდში წავედი სასწავლებლად.

ვფიქრობ, გამიმართლა. ჩემ გვერდით ყოველთვის „სწორი ადამიანები“ იყვნენ. მასწავლებლები უნივერსიტეტიდან და პარტნიორები საქართველოდან, შემდეგ პროფესორები და მეგობრები ჰარვარდიდან“, – ამბობს ბიზნესმენი forbes.ge-ისთვის 2020 წლის ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში.

Kaspi Bank-მა ციფრული ტრანსფორმაცია განსაკუთრებული ტემპით 2011 წლის შემდგომ დაიწყო. ელექტრონული საფულის სახით არსებულ სისტემას, მიხეილ ლომთაძის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, 2014 წლიდან ელექტრონული კომერციის სისტემაც დაემატა.

Forbes Georgia-ს ინფორმაციით, მიხეილ ლომთაძის გარდა Kaspi-ს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი საქართველოდან წასულმა სხვა პროფესიონალებმაც შეასრულეს. ნომერ პირველი მარკეტპლეისის დირექტორის მოადგილის სტატუსით Kaspi-ში არის წარმოდგენილი თენგიზ მოსიძე, რომელიც მიხეილ ლომთაძის გუნდს ყაზახეთში თავიდანვე შეუერთდა მამუკა კვირკველიასთან ერთად. ეს უკანაკნელი კომპანიაში IT მიმართულების განვითარების ხელმძღვანელია. ამავე წყაროს ინფორმაციით, ორივე ქართველი მენეჯერი (მოსიძე და კვირკველია) ასევე ფლობს KASPI-ს აქციებს.

ყაზახური ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz-ის დამაარსებლები მილიარდერები გასული წლის ოქტომბერში კომპანიის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად გახდნენ. Forbes-ის მიერ ბანკის თანადამფუძნებელ ვიაჩესლავ კიმის ქონება 2020 წლის ნოემბრის ბოლოს $2.5 მილიარდად იყო შეფასებული, ხოლო მთავარი აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამაარსებლის, მიხეილ ლომთაძის – $2 მილიარდად. გამოდის, რომ სულ რაღაც 5 თვეში მიხეილ ლომთაძის ქონება 1,7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წელს კომპანია Kaspi.kz-ის კორექტირებულმა წმინდა მოგებამ 274,318 მლრდ ტენგე (630 931 აშშ დოლარი) შეადგინა. სააქციო საზოგადოება Kaspi.kz-ის დირექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, 2021 წლის 29 მარტიდან უბრალო აქციებზე დივიდენდების გაცემა დაიწყო. მთლიანობაში დივიდენდების სახით  გაცემული იქნება 171 მლრდ ტენგე (კორექტირებული წმინდა მოგების 62,3%). აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კომპანიას აქციებზე დივიდენდები არ გაუცია.

ყაზახეთის საფონდო ბირჟის ინფორმაციით, Kaspi.kz-ს აქვს 216,742 მლნ უბრალო აქცია, მათ შორის, განთავსებული – 199,5 მლნ, მათგან მიმოქცევაში – 191,805 მლნ. კომპანიას პრივილეგირებული აქციები არ გააჩნია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close